„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“ - „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

პუბლიკა

ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა. პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ჰქვია. სადამფუძნებლო ყრილობა „ექსპო – ჯორჯიაში“ გაიმართა.

დელეგატებმა პარტიის ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოები აირჩიეს. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.

პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე.

„რას ვაპირებთ ჩვენ? ჩვენ რასაც ვაპირებთ პირდაპირ ვამბობთ. არაფერი იქნება დაფარული. ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები მოსკოვშია.

ჩვენი ეკონომიკური ამოსუნთქვა, წინსვლა, პირდაპირ მიბმულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები აღარ იყვნენ მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების მომსახურე პერსონალი. ჩვენი პრობლემის უდიდესი ნაწილი, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოგრაფია და ეკონომიკა, გამომდინარეობს იქიდან რომ ჩვენ ვართ დე- ფაქტო ვასალების მდგომარეობაში.

რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული – თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა.

მზად ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის საქართველოს ინტეგრაციაზე რაც მათი ინტერესია, ოღონდ ეს მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური მდგომარეობის და დემოგრაფიის გამოსწორების ხარჯზე“ – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია (თავმჯდომარე), ზურაბ მახარაძე (თავმჯდომარის მოადგილე), შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია altinfocom@gmail.com.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.