მზად ვართ, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში „ბათუმელებს“ ყადაღა მოვუხსნათ - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

შემოსავლების სამსახური „ბათუმელებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მზად არიან, მოხსნან ყადაღა მედიაორგანიზაციის ანგარიშებზე, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცენ საშუალება, დაფაროს საბიუჯეტო დავალიანება.

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა – ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.

ასევე განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“, – წერია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურმა 17 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც გამოცემაში განმარტავენ – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.

„ბათუმელების“ განცხადებით, ინკასოს მუქარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი, რაზეც უარი მიიღეს. მედია ამბობს, რომ ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილ ყველა სხვა ოპერაციას მიმართულია პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.

„ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, – ნათქვამია „ბათუმელების“ განცხადებაში.