„ბათუმელები“ თემურ ქათამაძის მეგობარზე, ნანა კაკულიაზე დაყრდნობით წერს, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა.
ნანა კაკულიამ თემურ ქათამაძე დღეს, 5 აპრილს მოინახულა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მითხრა, რომ ეს შიმშილობა სიმბოლურად მიუძღვნა ჭიათურელ მაღაროელებს… მან შიმშილობა შეწყვიტა. მითხრა, რომ ემზადება გაძევებისთვის,“ – ამბობს ნინა კაკულია. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ თემურ ქათამაძეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს. მისივე თქმით, ქათამაძემ ვერ მიიღო პასუხი, რატომ შეუზღუდეს მას ეს უფლება.
„მე, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, ჩემი სიმბოლური შიმშილობის ბრძოლის მე-4 დღეს მივესალმები ჭიათურელ მაღაროელების ბრწყინვალე, „სამაგალითო“ ბრძოლის ფორმებს, კერძოდ შიმშილობას და გაფიცვას. მე მათ ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას! ანწუხელიძე უკვდავია. არასდროს, არასდროს არ დანებდე! თბილისი, სამშობლო,“ – „ბათუმელების“ ცნობით, იზოლატორიდან ჟურნალისტებს თემურ ქათამაძემ წერილი მოწერა.
თემურ ქათამაძემ 1 აპრილს მეორედ დაიწყო შიმშილობა.
იქამდე, მან 48-დღიანი შიმშილობა 5 მარტს შეწყვიტა.
წინა დღეს, 4 მარტს ის კლინიკაში გადაიყვანეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული ჰქონდა 20 კილოგრამზე მეტი.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო დაცვის მინიჭება გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.
28 თებერვალს ქათამაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც ლაპარაკობს მიგრაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მხრიდან მუდმივ და მიზანმიმართულ ზეწოლაზე.