კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხუთი საკითხიდან, რომელზეც შეხვედრისას მსჯელობდნენ, სამ საკითხთან დაკავშირებით – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, თანხმობა არსებობდა, მაგრამ ორ საკითხზე – პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხაობა.
„ჩემს პირად განცდას ვიტყვი, რომ გულწრფელი მზაობა რეალური შეთანხმების და კომპრომისების არ იყო, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა.
ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება ამბობს არაო, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თითქოს ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით, რეალურად მთავარი პრობლემა ის არის რომ გულწრფელი კომპრომისის მზაობა მე პირადად ვერ დავინახე“, – აცხადებს ელისაშვილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ მან ყველა პრობლემურ საკითხზე გადაწყვეტის გზა შესთავაზა მხარეებს, თუმცა სამწუხაროდ არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი მის შეთავაზებულ დოკუმენტს.