დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 15 დღეა, შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელს პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს შეუფარდა. მისი ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, მოსამართლემ საკითხი არც კი განიხილა. შესაბამისად, მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დარჩა.
დრეს, 26 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში იმ მოსამართლის სახლთან, რომელმაც მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები მივიდნენ მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან.
„მზია ამაღლობელი უსამართლო მოსამართლემ ივანიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში დატოვა. ძირს რუსული რეჟიმი, თავისუფლება მზიას”. – თქვა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა აქციაზე.
„ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს შეხვედრა სთხოვა.
„არაერთგზის ვთხოვე და თქვენი ეთერითაც ვისარგებლებ, ვთხოვ გენერალურ პროკურორს, რომ იქნებ შემხვდეს. მინდა მას გავუზიარო ის ინფორმაცია, რაც მაქვს მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე სხვა ინფორმაცია, რომელზეც შესაძლებელია, რომ მას ამ ეტაპზე წვდომა არ ჰქონდეს”, – თქვა ეთერ თურაძემ „ფორმულას” ეთერში.
მან ასევე სთხოვა საპატიმროს პერსონალს, ყურადღებით დააკვირდნენ მზია ამაღლობელს, ვინაიდან მან, თავისი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, შესაძლოა „მცირე ან დიდ ჩივილებზე არაფერი თქვას”.
მზია ამაღლობელის შიმშილობის პარალელურად, მისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 2 ახალგაზრდა: რეზი კიკნაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.