მზია ამაღლობელი შიმშილობს — მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

პუბლიკა

დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი შიმშილობს.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელს პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს შეუფარდა. მისი ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მოსამართლეს საკითხი არც კი განუხილავს. შესაბამისად, მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დარჩა.

„ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს შეხვედრა სთხოვა.

„არაერთგზის ვთხოვე და თქვენი ეთერითაც ვისარგებლებ, ვთხოვ გენერალურ პროკურორს, რომ იქნებ შემხვდეს. მინდა, მას გავუზიარო ის ინფორმაცია, რაც მაქვს მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე სხვა ინფორმაცია, რომელზეც შესაძლებელია, მას ამ ეტაპზე წვდომა არ ჰქონდეს”, – თქვა ეთერ თურაძემ „ფორმულას“ეთერში.

მან ასევე სთხოვა საპატიმროს პერსონალს, ყურადღებით დააკვირდნენ მზია ამაღლობელს, ვინაიდან მან, თავისი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, „მცირე ან დიდ ჩივილებზე არაფერი თქვას“.