გამოცემა „ბათუმელები“ სახაროვის პრემიის მიღების შემდეგ მზია ამაღლობელის გზავნილს ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მზია ამაღლობელმა სახაროვის პრემიის მიღების შესახებ ციხეში ტელევიზორიდან შეიტყო.
„ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია – ჩემი მამაცი კოლეგები, სინდისის პატიმრები, თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც თავისუფლების ფასადაც კი აპროტესტებს უსამართლობას, ამ პრიზს თავისად მიიჩნევს.
ვფიქრობ, ახლა განწყობების დრო არ არის და ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიმარჯვებთ. ამ ბრძოლაში მტრები შიგნით არ უნდა ვეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი რუსეთია და ისინი, ვინც მას ემსახურებიან.
მახსოვს, როგორ შევქმენი „ბათუმელები“ ეთერთან ერთად, მხოლოდ ენთუზიაზმითა და იდეალებით, მაშინ, როდესაც აჭარაში რუსული ტანკი იდგა და დედაქალაქში ჩამოსასვლელად მათი საზღვარი უნდა გამევლო. ის დავძლიეთ და ეს მაიმედებს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი.
თუ ის პატარა გოგონები, მათ შორის ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ყოველდღე რომ დაარბენინებს პოლიცია განყოფილებებში, შემდეგ სასამართლოში და შემდეგ ციხე-ციხე, ხან მცირეწლოვან ბავშვს რომ დაუტოვებენ ქუჩაში ან სახლში დაატოვებინებენ მარტოს, ვინაიდან უკვე 12 წლისაა, ჩათვლიან, რომ ეს პრიზი მათია, მაშინ ყველაფერს ჰქონია აზრი.
თუ ეს ჯილდო მათთვის იქნება იმედი იმისი, რომ მათი ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, მაშინ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს აზრი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხმა მივიტანოთ ყველგან.
სტუდენტებმა, ლექტორებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოეთში სწავლობს, ყველამ უნდა მიაწვდინოს ხმა თავის ლექტორებს, მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, თუ როგორ იბრძვიან აქ რუსთაველზე ყოველ დღეს.
ქვეყნის გარეთ ყველგან, ყველა უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, კონფერენციაზე უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა – ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი გარანტია.
და რაც მთავარია – ის, რომ დღეს ამ ბრძოლის ხმა ისმის, მხოლოდ ჩემი კოლეგების შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებაა და ამიტომაც ეკუთვნით მათ ეს პრიზი.
გთხოვთ, გაიტანეთ ამ ბრძოლის ხმა ქვეყნის გარეთ ისე, ვისაც როგორ შეგიძლიათ“, – ამბობს მზია ამაღლობელი გზავნილში.
დამოუკიდებელი გამოცემა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და მენეჯერს, მზია ამაღლობელსა და ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია მიენიჭათ. ორივე მათგანი დაპატიმრებულია.
მათთან ერთად 2025 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტები იყვნენ:
- „სერბი სტუდენტები“
- ”ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA“
ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში.
მას 1988 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი.
პრემია დაარსდა საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და განკუთვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გამორჩეულად იბრძვიან: აზრის, გამოხატვისა და ადამიანთა უფლებების თავისუფლებისთვის; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა 6 აგვისტოს მიუსაჯა. მზიას თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.