მზია ამაღლობელის ადვოკატები „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ.
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მზია ამაღლობელის ადვოკატები აყენებენ სხვადასხვა შუამდგომლობებს, მათ შორის ითხოვენ საქმეს დაერთოს ნინო წილოსანის განცხადება.
ამ განცხადებაში „ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი საუბრობს იმაზე, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა „დაქირავებით, ფულის გადახდით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში”. ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, ვინაიდან წილოსანი საუბრობს მტკიცებით ფორმატში, და იგი საუბრობს ისე, თითქოს იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას.
ადვოკატს პროცესზე მოტანილი აქვს CD დისკი, სადაც წილოსანის ხსენებული განცხადებაა განთავსებული. იგი მიმართავს მოსამართლეს, რომ მისცეს საშუალება, ვინაიდან პროკურატურა არ ინტერესდება დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამოკვლევით, მათ შეძლონ გამოჰკითხონ წილოსანი.
მოსამართლე ამბობს, რომ პროკურატურას უნდა მიეცეს ამ შუამდგომლობაზე პოზიციის გამოხატვის საშუალება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს, სავარაუდოდ მომდევნო პროცესზე მოხდება.
ბათუმელების/ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მეშვიდე თვეა წინასწარ პატიმრობაშია. მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს 11 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის მიერ გაწნული სილის შედეგად მიადგა ფიზიკური ტკივილი და აუწითლდა ლოყა. მზია ამაღლობელს 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.