მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან პოლიციამ მტკიცებულებები გააყალბა.
ადვოკატების თქმით, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე უკანონო და დაუსაბუთებელ დაჯარიმებას.
საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ „ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს” და ამის ფარგლებში ერთ-ერთი საქმე სწორედ ის ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც 173-ე მუხლით დაიწყო და პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
ქურდოვანიძემ მოჰყვა, რომ 2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.
„თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ აქვს, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში ჩაწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც ის დააკავეს”. – ამბობს ქურდოვანიძე და დასძენს, რომ მოგვიანებით ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია.
„ეს საქმე 2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საგანგაშოა, რომ შსს-მ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, თავის მხრივ, არ ასახავდა საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებს.
კერძოდ, ჩანაწერები შსს-მ წარმოადგინა იმ დასაბუთებით, რომ თითქოს ეს ჩანაწერები ადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ თავად ეს ჩანაწერები გადაღებული იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე პერიოდში. შესაბამისად, არ ჰქონდა შემხებლობა ამ საქმესთან.
ამის მიუხედავად, ადმინისტაციულმა სასამართლომ ეს მტკიცებულება საქმეში დატოვა და მასზე დაყრდნობით მიიღო უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამათალდაღვევას დაედო საფუძვლად, არის ფალსიფიცირებული და არ ასახავს დროის იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთთან დაკავშირებითაც შსს-მ ეს ვიდეო წარადგინა”. – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
შსს ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა „ძაღლებო, ღორებო“ და სწორედ ამიტომ დააკავეს ის ადმინისტრაციული წესით.
ადვოკატების თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ „პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის, ლ. გაბაიძის დაკავებას, რაც მოხდა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე, და (ბ) პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გოჩა ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს”.
ადვოკატები ამბობენ, რომ ვიდეო მტიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარუდგენენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, „შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”.
ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის ადმინისტაციულ საქმეზე ბათუმის პოლიციამ სასამართლოში წარადგინა 2 ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას სხვების დაკავებაში, თუმცა, ვერ მიუთითა, ვის დაკავებას უშლიდა ის ხელს.
„პოლიციის მიერ წარდგენილი ვიდეოები არ ასახავს მზია ამაღლობელის მიერ რამე სამართალდარღვევის ჩადენას და მით უფრო, წინააღმდეგობას ვინმეს დაკავებაში, არამედ ასახავს მხოლოდ ჭყლეტას, რაც განვითარდა პოლიციის სამმართველოსთან პოლიციელთა მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო და ძალადობრივი დაკავებისას”. – თქვა მწარიაშვილმა.
ადვოკატები ასევე მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გოჩა ვანაძის, ისე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332-(სამსახურებრივ უფლებამოსილების (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და ბოროტად გამოყენება), 369-0 370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისიწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.