მზია ამაღლობელის ადვოკატი: ვცდილობთ, მოვიპოვოთ მოსამართლის იურიდიული განათლების დიპლომი

პუბლიკა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დროს ადვოკატებმა მოითხოვეს, საქმეს დაერთოს ბათუმის სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის დიპლომი.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი განმარტავს, რომ ვერ მოიძიეს ნინო სახელაშვილის იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – შეკითხვებს არ პასუხობს არც უნივერსიტეტი და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს მოსამართლის დიპლომის ასლებს.

„ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დართვაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არ დააკმაყოფილა, ის ნაწილი ეხებოდა პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო სახელაშვილს დიპლომს ანუ რამდენად აქვს მას კანონით გათვალისწინებული განათლების ცენზი, რამდენად არის კანონით დადგენილი წესით დანიშნული.

მისი დიპლომებით არ იკითხება, რომ მას აქვს სრული იურიდიული განათლება. სისხლის სამართლის კვალიფიკაცია რომ არ აქვს, მან თავად დაადასტურა.

ჩვენი მეორე საკითხი იყო დიპლომთან დაკავშირებული. მან სხდომაზე გვითხრა, რომ ნახეთ ჩემი დიპლომებიო და დიპლომის სახელწოდებით ვერ მიხვდებით, რომ მას აქვს იურიდიული განათლება, იმიტომ, რომ ბიზნესინჟინერიის მაგისტრატურა და ტექნიკურ უნივერსიტეტში რაღაცა ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული.

იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ფაკულტეტების სახელწოდებაში სამართალი და იურიდიული არსად არ არის, ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა. ვცდილობთ, მოვიპოვოთ, რომ გავიაროთ პროცედურები, დავადასტურებინოთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ დიპლომის მქონე ადამიანს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია მიენიჭა კი? და ა.შ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, დღემდე არც ტექნიკური უნივერსიტეტი გვაძლევს პასუხს და იუსტიციის საბჭო არ გვაძლევს მისი დიპლომის ასლებს“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ნინო სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე განიხილა, სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს.

იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახელაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, მაგისტრატურა კი ბიზნეს-ინჟინერინგის – კერძო სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა, ამავე წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი. 2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

სახელაშვილი ბათუმის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2022 წელს დაინიშნა, ამავე წლის მარტიდან კი გახდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მანამდე ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, მოგვიანებით კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ კონსულტანტად მუშაობდა.