დღეს, 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის გამოკითხვის შემდეგ მხარეებმა მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
როგორც მოწმის გამოკითხვა, ისე მტკიცებულებების გამოკვლევა ეზოდან საპროტესტო შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შესვენება გამოაცხადა, შემდეგ კი პროცესი დაასრულა.
დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოკითხულიყო ბრალდების მხარის სხვა მოწმეები, მათ შორის პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია. თუმცა, პროკურატურამ მოწმეები ჩახსნა.
ვლადიმერ ჩიტაიამ 15 თებერვალს დაწერა პატაკი, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელი 11 იანვარს „პოლიციელზე თავდასხმას” წინასწარ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით”. ეს პატაკი მზიას საქმეს 4 მარტს დაერთო. ამ დოკუმენტის საფუძველზე გამოძიებამ მოითხოვა წვდომა მზია ამაღლობელის ტელეფონზე.
ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, „ბრალდება დაიღალა პოლიციელების მეცადინეობით და იმით, რომ მათი ჩვენებები არ ემთხვევა“.
„ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს და დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები სულ არიან ნიღბიანები. დაიღალა ჩვენი კითხვებით – რით დასტურდება, რომ შენ ხარ ამ ნიღბის ქვეშ“, – თქვა ადვოკატმა.
მწარიაშვილისვე თქმით, პროკურატურას არ უნდოდა, სასამართლოში ჩიტაია მოსულიყო.
„ბრალდებამ გაიმარტივა ცხოვრება და ამიტომ მოხსნა მისი მოწმეები. შემდეგი პროცესი განახლდება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით“, – თქვა მწარიაშვილმა.
რაც შეეხება პროკურორის არგუმენტს – თორნიკე გოგეშვილის თქმით, ფაქტობრივი გარემოებები უკვე დაადასტურეს სხვა პოლიციელებმა.
„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შეამცირა დასაკითხ პირთა მოცულობა, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადასტურებულია სხვა არაერთი პირის ჩვენებით, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერებითაც. ის მოწმეები, რომლებიც იგივე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ თავიანთ გამოკითხვის ოქმებში, ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს ამ მოწმეებს და შესაბამისად ამით ხელს შეუწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე.
რაც შეეხება ვლადიმერ ჩიტაიას – აღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა, მას როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ დაუსვა შეკითხვები ამ ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლებთან მიმართებით, ამ ინფორმაციული პატაკის შინაარსთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მას მიწოდებული აქვს“, – თქვა გოგეშვილმა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სხდომა 29 მაისს არის დანიშნული.