მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებაზე საჩივარი ქუთაისის სააპელაციომაც დაუშვებლად ცნო

პუბლიკა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების საჩივრის განხილვაზე ბათუმის სასამართლოს უარი ძალაში დატოვა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. განგვიცხადეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში აიტვირთება.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი. ქართული სასამართლო სისტემა დემონსტრაციულად ამბობს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. ეს უარიც დაემატება იმ საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ.

14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.


მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების საფუძვლად ადვოკატები რამდენიმე გარემოებას ასახელებენ.

ერთ-ერთია მზია ამაღლობელის ჩვენება.

გარდა ამისა, ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, ის ორი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც პროკურატურამ მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება იშუამდგომლა, არ არსებობს – ეს იყო მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ადვოკატის თქმით, აღკვეთის დასაბუთებაში პროკურატურა აცხადებდა, რომ უნდა გამოეკითხა აქციის მონაწილეები, რომლებზე ზემოქმედებაც მზიას შეეძლო, თუმცა ამ დრომდე საქმეში დევს მხოლოდ ირაკლი დგებუაძისა და 6 პოლიციელის იდენტური ჩვენება, სხვა ნეიტრალური მოწმეები პროკურატურას არ გამოუკითხავს.

ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ მოწმეების ჩვენებების გარდა საქმეზე არსებობს ვიდეომასალებიც, რომლებზეც კარგად ჩანს, რა მოხდა.

„დაკითხულია ყველა. გარდა იმისა, რომ დაკითხულია ყველა, ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეოფაილი და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია“, – ამბობს ადვოკატი.

მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხის შეფასებისას სასამართლო დაეყრდნო წინმსწრებ ადმინისტრაციულ დაკავებას, თუმცა ამ დაკავების ოქმი უკანონოდაა შედგენილი.

ადვოკატი განმარტავს, რომ არსებობს ვიდეო, რომელშიც ჩანს მზია ამაღლობელის ქმედება და ასევე ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ ამაღლობელს აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის 150-ე მუხლით, თუმცა მოგვიანებით ადმინისტრაციული დაკავების ოქმში ჩაიწერა სიცრუე, რომ ის პოლიციის შეურაცხყოფისთვის, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს.

მაია მწარიაშვილის თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომ პატიმრობის შეფარდებისთვის სამართალდარღვევა უნდა იყოს მძიმე, მიმართული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების წინააღმდეგ. მზია ამაღლობელის ბრალდება კი, ადვოკატის განმარტებით, არის მანიპულირებული და სილის გაწვნა არ კვალიფიცირდება თავდასხმად. მწარიაშვილის მტკიცებით, მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„მზია ამაღლობელის სილის გაწვნას რომ დავარქვათ ტერორიზმი, იქნება ეს ტერორიზმი?“, – სვამს ის რიტორიკულ შეკითხვას.

აქვე, ადვოკატის თქმით, პროკურატურა ბრალდებაში წერს, რომ მზია მოქმედებდა შურისძიების მოტივით, თუმცა არ წერს, რას უკავშირდება მისი შურისძიება და დანაშაულის ეპიზოდი იწყება სილის გაწვნით, როცა ეს ქმედება ამბის დასასრული იყო.

დაბოლოს, ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ საქმეში ინტერესთა კონფლიქტია, რადგან დაზარალებული ირაკლი დგებუაძე, საქმის გამომძიებელი, მოწმე პოლიციელები და მზიას დამკავებელი გრიგოლ ბესელია ერთი საპოლიციო ვერტიკალის წევრები არიან.