მზია ამაღლობელის პროცესზე ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

პუბლიკა

დღეს, 8 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება.

სწორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს მზია და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს.

პარალელურად, სასამართლოს ეზოდან ისმის საპროტესტო შეძახილები: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“; „თავისუფლება მზიას”.

მანამდე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დააყენეს ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა.

დაცვის მხარე „ოცნების“ პრემიერის გამოკითხვას მისი განცხადებების გამო მოითხოვს. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი დავალებას ასრულებდა.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ „თუ მან მზია ამაღლობელის საქმეზე იცის გამომძიებლებსა და პროკურორებზე მეტი, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში“.

სწორედ ამ მოტივით იბარებენ კობახიძეს სასამართლოშიც.

თუმცა ნინო სახელაშვილისთვის მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

„იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე, არ არის გამოკითხული პირი და სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა, შეაფასოს, რეალურად, ფლობს თუ არა ეს პირი რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე მივუთითებ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე გარემოება შეიცვლება, ბუნებრივია, დაცვის მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შუამდგომლობის გაჟღერების”. – თქვა ნინო სახელაშვილმა.

ამასთან, სახელაშვილმა მზია ამაღლობელის პროცესიდან გააძევა „ფორმულას“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებიც სხდომას იღებდნენ.

სახელაშვილმა თქვა, რომ „ფორმულა“ პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

„ფორმულას“ განმარტებით, არ ხდებოდა სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია და გადაღება ხდებოდა კანონით დადგენილი ნორმების დაცვით.

მოსამართლემ ჟურნალისტებს პროცესის გადაღების უფლება აღუკვეთა.