მზია ამაღლობელის სახელით ევროსასამართლოში მესამე საჩივარი გაიგზავნა

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა. საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, საჩივარი შეეხება ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

თამარ ონიანის განცხადებით, 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მზია ამაღლობელი პოლიციამ უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. საიას თავმჯდომარის თქმით, პოლიციის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით. ონიანის თქმით, დგებუაძემ ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

„მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაშიც გაგრძელდა, გარდა ამისა, ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა საშუალება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. ადვოკატების გარეშე გაჩხრიკეს და ხელბორკილები დამცირების მიზნით ზურგს უკან დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები, კერძოდ, მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას; მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, რომელიც გულისხმობს არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში; ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), მე-13 მუხლი, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება მესამე მუხლთან ერთობლიობაში“, – თქვა თამარ ონიანმა.

საიას განცხადების მიხედვით, საჩივარში აღნიშნულია:

  • · დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში):

„პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას. აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.

  • არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი):

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ. გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა. გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ. ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.

გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებიც: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეო კადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა. ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში):

პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.

  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში):

ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი. მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა. კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, ხოლო სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი. პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე.“

ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე გაგზავნილი იყო ორი საჩივარი – მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისა და მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს.