ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე მტკიცებულებების დამტკიცების ეტაპზე მსჯელობისას ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმეში დევს დეტექტივის 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა. პროკურატურა ამ საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას მოითხოვს.
ადვოკატები მოითხოვენ, დეტექტივის ჩვენება და მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების მოთხოვნა არ დაერთოს საქმეს და არ დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ ჯუბა ქათამაძის თქმით, დაცვის მხარე შუამდგომლობს, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:
დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას გამოკითხვის ოქმი; დადგენილება საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; შუამდგომლობა ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; […] ბრალდების მოწმეების სიიდან ამოღებულ იქნას დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია და ასევე „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე.
ადვოკატის თქმით:
„2025 წლის 15 თებერვლის პატაკით გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუდგენელ პირებთან და აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში. აღნიშნულ პატაკში მოყვანილი ინფორმაციის საფუძვლიანობას ჩიტაია განმარტავს მხოლოდ იმით, რომ მან მიიღო ასეთი ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში ვლადიმერ ჩიტაია ადასტურებს პატაკით წარმოდგენილ ინფორმაციას.
[მოთხოვნილია] დადგინდეს, რა მარკისაა ნივთმტკიცებად ამოღებული ტელეფონი, რა შეტყობინებებია მობილურსა და სიმბარათზე; დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა წაშლილი შეტყობინებების აღდგენა, რა ზარებია დაფიქსირებული მობილურში, დაყენებულია თუ არა მობილურში საკონტაქტო პროგრამები [მესენჯერი, ვათსაპი, ვაიბერი…]. ამოღებულ იქნეს მათ შორის წაშლილი შეტყობინებები“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მზია ამაღლობელის ტელეფონის შესწავლის აუცილებლობის შესახებ არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლომ ის არ უნდა დააკმაყოფილოს.
მათი პოზიციით, გამომძიებლის პატაკი და მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის საფუძველზეც პროკურორმა სასამართლოს მიმართა, მიეცა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების ნებართვა, არ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, რადგან ის ერთი მტკიცებულებაა. მათ ამ პოზიციის გასამყარებლად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მოიყვანეს.
ადვოკატებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა მისი სამსახურებრივი და პირადი ინფორმაციის ამოღებისთვის სურდეს.
„რატომ გავამახვილეთ ყურადღება და რატომ ვშუამდგომლობთ სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით და არა იმიტომ, რომ ამ ტელეფონში აღმოჩნდება რაღაც გაუგებარი ინსტრუქციები, რაც ოდნავი საღი აზრის პირობებშიც არ შეიძლება ამის ვარაუდი გააჩნდეს.
ამ დეტექტივ ჩიტაიას გონება გაუნათდა 15 თებერვალს და მან დაინახა სადღაც, რომელიღაც სიზმარში, რომ შესაძლოა, ქალბატონ მზიას მიეღო ინსტრუქციები თავდასხმასთან დაკავშირებით. ეს არის მთელი ამ საქმის ამბავი. ამის შესაბამისად გამოკითხა ის გამომძიებელმა და პროკურორმა შოთა ჩხაიძემ აიღო ორი დოკუმენტი [პატაკი და გამოკითხვის ოქმი], ვითომ ესაა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლოს მოსთხოვა განჩინება. ჩვენ ვციტირებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო იდენტურ გარემოებებზე მსჯელობს და ამბობს, რომ სერიოზულიც კი არ არის ამაზე მსჯელობა, ის, რაც პატაკში წერია – ეფემერული და აბსოლუტურად ზოგადი, თითქოს, დამესიზმრა, რომ ის იღებდა ინსტრუქციებს, მაგრამ სიზმარში არ მახსოვს, ვინ მეუბნებოდა ამასო – ამაზე სასამართლო ამბობს, როდესაც ეს პატაკი ასახულია გამოჰკითხვის ოქმში, ეს სერიოზული არაა. ასეთი პოლიციელები ყოველთვის იქნებიან, ვინც დაწერენ ასეთ პატაკს და ასეთი პროკურორებიც ყოველთვის იქნებიან, რომლებიც გამოჰკითხავენ მერე მათ და იტყვის, რომ აქვს გარემოებების ერთობლიობა და ყოველთვის აღმოჩნდება მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ის, რაც სინამდვილეში ერთია და თან დაუშვებელია, თურმე ბევრი მტკიცებულება არისო“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პროკურორის თქმით, სასამართლომ განჩინება იმგვარად გამოსცა, რომ ამაღლობელის პირადი ან სამსახურებრივი ინფორმაციის მოპოვება დაუშვებელია.
„პროკურორის შუამდგომლობაში და სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ საექსპერტო დაწესებულებას და გამომძიებელს ნებართვა ეძლევა, გამოითხოვოს მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს და სწორედ ამიტომაა მითითებული მოკლე მონაკვეთი, 1-დან 12 იანვრამდე, თუ არ ვცდები. ამ შინაარსისა და დროის თვალსაზრისით სასამართლომ შეზღუდა ინფორმაცია, რომ არ მოხდეს სამსახურებრივი და პირადი ხასიათის ინფორმაციის გამოთხოვა“, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა.
პროკურორის თქმით, საქმის ინდივიდუალურ-ფაქტობრივი გარემოებებით და მათ შორის, მზია ამაღლობელის ხასიათიდან გამომდინარე, ტელეფონის ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია. როგორც პროკურორი ამბობს, პოლიციელზე თავდასხმის საქმეების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ დანაშაულს, ძირითადად, კაცები სჩადიან.
„ეს კონკრეტული ქმედება ჩადენილი იქნა იმ დროს, როცა ქ-ნი მზია დაკავებიდან რამდენიმე წუთის გათავისუფლებული იყო, ასევე ქალბატონი მზიას პიროვნებიდან გამომდინარეც, ჩვენ არაერთხელ გვქონია პრაქტიკაში სისხლის სამართლის საქმეები მსგავსი კატეგორიის თავდასხმა, წინააღმდეგობა, და ა.შ. ამ დანაშაულს ძირითადად სჩადიან მამაკაცები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ პოლიციასთან და კანონთან. ამ საქმის ინდივიდუალურ-ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულებრივი ქმედების ხასიათის და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ოპერატიული პატაკის შინაარსის გათვალისწინებით ეს საკმარისი იყო ვარაუდისთვის, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო იმ შეზღუდვებით, რაზეც მე ვისაუბრე“, – თქვა მან.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეში დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.