მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო — შემდეგი სხდომა 31 მარტს, 13:00 საათზე დაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლეს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს. ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, კონკრეტული დოკუმენტები მათ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მიაწოდეს, ამიტომ საქმის მასალებში მათი დართვა ახლა მოითხოვეს.
დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებები პროკურორებსაც დღეს გადასცა.
მას შემდეგ, რაც მაია მწარიაშვილმა შუამდგომლობა დააყენა და ახალი მტკიცებულებების ნუსხა წარმოადგინა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა, რომ ამ შუამდგომლობაზე სასამართლო შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს, „როცა მოისმენს ბრალდების მხარის პოზიციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით“.
მანვე განაცხადა, რომ „უკვე შესაძლებელია საქმის არსებით განხილვაზე გადასვლა“.
პროკურორებმა თქვეს შესავალი სიტყვა. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „დგებუაძის საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა მას” და „ამის დასტურად სასამართლოში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სხვა პროკურორმა, შოთა ჩხაიძემ კი განაცხადა, სასამართლო პროცესებზე მოიწვევს როგორც „დაზარალებულ ირაკლი დგებუაძეს, ისე სხვა მოწმეებს და ისინი საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი ბრალდებულს“.
თუმცა, ადვოკატების თქმით, ისინი ვერ იტყვიან შესავალ სიტყვას, სანამ არ ეცოდინებათ, დაერთვება თუ არა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს.
სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა სხდომის გადადება.
მანამდე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა, ნინო სახელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ნინო სახელაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატების პოზიციით, მის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს.
„პატიმრობის შეფარდების დროს საჭიროა ძალიან ნათელი არგუმენტების მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ეჭვი გაჩნდეს სასამართლოს მიუკერძოებლობაზე. თქვენ მიერ პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს. თქვენ უაპელაციოდ გაიზიარეთ პროკურატურის შუამდგომლობა.
გარდა ამისა, ადვოკატების განცხადებით, ნინო სახელაშვილი არ არის კვალიფიციური მოსამართლე – „მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და გამოცდები ჩაბარებული აქვს მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კუთხით. ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ის ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულია“.
„ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ ხართ განწესებული კანონის დაცვით, არ ბრძანდებით მზია ამაღლობელის საქმის ობიექტური და მიუკერძოებელი განმხილველი მოსამართლე და ჩართული ხართ სახელმწიფოს მხრიდან მზია ამაღლობელის დევნაში“, – თქვა ადვოკატმა.
თუმცა, მოსამართლე არ დაეთანხმა დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომას დაესწრნენ გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.
დღევანდელ პროცესზევე ითქვა, მომდევნო სხდომაზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წარმოადგენს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას.