„მზია ამაღლობელმა გამოიჩინა სამაგალითო სიმამაცე“ — მედიის თავისუფლების ანგარიში

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ანგარიში, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას მიმოიხილავს პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა მოამზადეს, კერძოდ, პრესის თავისუფლების დამცველმა 15-მა ორგანიზაციამ და ჟურნალისტურმა ასოციაციამ, მათ შორის IPI-მაც (საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი).

ანგარიშში საქართველოს შესახებ წერია, რომ აქ „ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა“.

ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა მზია ამაღლობელს.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

„2025 წლის 6 აგვისტოს, უკიდურესად პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, საქართველოს ორი ყველაზე გავლენიანი დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი საქმე საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მმართველ პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე გაძლიერებული ზეწოლის ფონზე ამ ფაქტმა ფართო საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა 2025 წლის აგვისტოში, პოლიტიზებული სასამართლო განხილვის შემდეგ შეეფარდა.

ჟურნალისტი 2025 წლის იანვრის დასაწყისში დააკავეს და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს. დაკავების მიზეზი გახდა ბათუმში დემოკრატიული აქციების დარბევისას პოლიციის უფროსთან მომხდარი მცირე შელაპარაკება. წარდგენილი ბრალდების აშკარად არაპროპორციულმა ხასიათმა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ნათელი გახადა, რომ მას მიზანმიმართულად სჯიდნენ მისი მრავალწლიანი მოღვაწეობისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ ერთგულებისთვის.

მზია ამაღლობელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებელი მედიალანდშაფტის განვითარებასა და ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტების ჩამოყალიბებაში. მის მიერ თანადაფუძნებული „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი, მრავალი ჯილდოს მფლობელი ონლაინ გამოცემებია, რომლებიც აქტიურად აშუქებენ კორუფციას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ამაღლობელმა გამოიჩინა სამაგალითო სიმამაცე და ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მიმართ.

თავისი მდგომარეობისა და დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გასაპროტესტებლად მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.

„ეს პროცესები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარდებოდა და ჩვენს ყოველდღიურობაში დიქტატურის სახით მკვიდრდება. თავისუფლება სიცოცხლეზე ბევრად ძვირფასია და ის ახლა საფრთხეშია. იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“, – წერდა ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნეს. მან შიმშილობა თებერვლის შუა რიცხვებში, 38 დღის შემდეგ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ექიმებმა მისი სიცოცხლისთვის მოსალოდნელი გარდაუვალი საფრთხის შესახებ განაცხადეს. პატიმრობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხედველობა საშიშად გაუარესდა.

მისი დაკავების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები არაერთხელ შეეცადნენ მზია ამაღლობელის რეპუტაციის შელახვას, ხოლო რეპრესიები მის მედიაორგანიზაციებზეც გავრცელდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. რამდენიმე თვის შემდეგ კი, სწორედ მაშინ, როცა მზია სასამართლოში ჩვენების მისაცემად ემზადებოდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.

მზია ამაღლობელი აგრძელებს თავისი უფლებების დაცვას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ის ამტკიცებს, რომ ქმედებას, რის გამოც დააკავეს და რისთვისაც თავის არიდება არასდროს უცდია, მაქსიმუმ პროპორციული ადმინისტრაციული სასჯელი უნდა მოჰყოლოდა. ბევრი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, თავად კი მის მიმართ სამართლებრივ დევნას სტალინურ რეპრესიებს ადარებს.

პატიმრობისას მზია ამაღლობელი გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური დაშინებისა და ელემენტარულ საჭიროებებზე უარის თქმის მსხვერპლი. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემისას მან განაცხადა, რომ პოლიციაში ყოფნისას ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, უარი უთხრა წყალსა და ტუალეტით სარგებლობაზე და საათების განმავლობაში უკრძალავდა ადვოკატებთან შეხვედრას.

გამოცემა „The Guardian“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მზია ამაღლობელმა განმარტა, თუ რამ გადააწყვეტინა წინააღმდეგობის გაწევა და პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელება.

„მაქვს სისუსტის წუთები. ხანდახან თვალები ცრემლით მევსება“, – წერდა ის, – „მაგრამ ვცდილობ, დიდხანს არ დავრჩე ამ მდგომარეობაში. სიმართლე ისაა, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს: ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჟურნალისტიკის გაუქმებას ცდილობს – პროფესიის, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგები სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან მხოლოდ იმის გამო, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩემი მხრიდან ახლა დუმილი მათი, საკუთარი თავისა და საქართველოს 60-მდე პოლიტპატიმრის ღალატი იქნებოდა. […] მე გთხოვთ თქვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს: არ გაგვიშვათ ხელი. ერთად ჩვენ შევიძლებთ, დავამარცხოთ სიბნელე და უზრუნველვყოთ თავისუფლების გამარჯვება, რადგან თავისუფლება, ჭეშმარიტად, სიცოცხლეზე ძვირფასია“.

22 ოქტომბერს მზია ამაღლობელი, პატიმრობაში მყოფ პოლონელ-ბელარუს ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, აზრის თავისუფლებისთვის დაწესებული 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა, როგორც მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიული მედეგობის სიმბოლო. მას ასევე მიენიჭა რამდენიმე მედიაჯილდო, მათ შორის 2025 წლის IPI-IMS „პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის“ წოდება“.