სტრასბურგში, ევროპარლამენტში მზია ამაღლობელს და ბელორუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. ჯილდოები მათმა წარმომადგენლებმა ჩაიბარეს: ანდჟეი პოჩობუტის შვილმა იანა პოჩობუტმა და „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრიძემ.
დამოუკიდებელი გამოცემა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და მენეჯერს, მზია ამაღლობელსა და ბელორუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია 23 ოქტომბერს მიენიჭათ. ორივე მათგანი დაპატიმრებულია.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ ჯილდოს გადაცემამდე განაცხადა:
„ანდჟეისა და მზიას მოწოდებები დემოკრატიისკენ ევროპარლამენტსა და მთელს ჩვენს კონტინენტზე მკაფიოდ ჟღერს. ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ანდჟეისა და მზიას მათ ბრძოლაში. ჩვენ მოვითხოვთ როგორც მათი, ისე ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება. არ დავივიწყებთ მათ. ჩვენ არასდროს მივატოვებთ მათ, სანამ დიქტატორების ეპოქა საბოლოოდ არ დასრულდება. სანამ ბელორუსი საბოლოოდ არ გათავისუფლდება. ეს პარლამენტი ხედავს, თუ რა ხდება ბელორუსსა და საქართველოში. და ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც დემოკრატიული მომავლის აშენებას ცდილობს“.
ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას 1988 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი.
პრემია დაარსდა საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და განკუთვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გამორჩეულად იბრძვიან: აზრის, გამოხატვისა და ადამიანთა უფლებების თავისუფლებისთვის; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზიას 2-წლიანი პატიმრობა 6 აგვისტოს მიუსაჯა. მზიას თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.