„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.
ორგანიზაციის განცხადებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები, ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მარჯვენა თვალში მზია ამაღლობელის მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა, გაზრდილიყო 90%-მდე.
„ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე. ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით – 90%-სა“. – წერს ორგანიზაცია.
საიას განცხადებით, 2025 წლის 1 ივლისს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა მაღალტექნოლოგიური თვალის კვლევები სათანადო პროფილის კლინიკაში, რისთვისაც შეთავაზებული იყო „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“.
„თავად მზია ამაღლობელი პატიმრობამდე რამდენიმე წლით ადრე სარგებლობდა „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ მომსახურებით, სადაც მისი დაავადების ისტორიაც ინახება. აღსანიშნავია, რომ წერილში ხაზგასმული იყო, რომ ამ კვლევის საფასურს თავად პაციენტი დაფარავდა და სახელმწიფოს არ მოუწევდა დამატებითი ხარჯის გაღება. ამ დაავადების პროგრესირების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კვლევების (ტოფოგრაგიული მაჩვენებლების) ერთმანეთთან შედარება. კერატოკონუსის პროგრესირების შეფასება, მხოლოდ მხედველობის ფუნქციური გაუარესების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს და მხედველობის გაუარესებას, შესაძლოა არა კერატოკონუსი, არამედ სხვა მიზეზი იწვევდეს. მხედველობის გაუარესების მიზეზის დადგენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად, რაც ამ დრომდე არ მომხდარა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საიას ცნობით, ნაცვლად აღნიშნული კლინიკებისა, მზია ამაღლობელი კვლევებისათვის გადაიყვანეს ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკა „მზერაში“ და გამოკვლევის შედეგად, ამაღლობელს დაესვა მარცხენა თვალში მე-4 ხარისხის კერატოკონუსის და მარჯვენა თვალში 1-2 ხარისხის კერატოკონუსის, ასევე, მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზი. გამოკვლევების პერიოდში, მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში იყო 0,01, რომელიც არ კორეგირდება, ხოლო მარჯვენა თვალში – 0,1-0,2. ორგანიზაციის ცნობით, მისი მხედველობის სტაბილიზაციის მიზნით გაიცა სამედიცინო რეკომენდაცია (კროს-ლინკინგის ჩატარება) მხოლოდ მარჯვენა თვალთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეკომენდაცია არ მიეცა მარცხენა თვალთან დაკავშირებით, რომლის მხედველობა ამავე დასკვნით არის მხოლოდ 1%.
„აღსანიშნავია, რომ თავად მზიას განმარტებით მას ამავე კლინიკაში არ გაეწია არანაირი რეკომენდაცია ამ პროცედურის – „კროს-ლინკინგის“ ჩატარების და მისი შედეგიანობის შესახებ, მას არ აუხსნეს ამ პროცედურის შესაძლო რისკები“, – წერს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა შემდეგი:
,,…თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა „მზერას“ არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა „მზერას“ ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია. ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები – რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე. ვიცი, მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი. ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება“.
საია ამბობს, რომ „მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“.
საია აღნიშნავს, რომ „ამ დრომდე უპასუხოდაა დატოვებული მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის სასჯელაღსრულების სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე 2025 წლის 13 აგვისტოს, 8 სექტემბრის, 13 ოქტომბრის და 13 ნოემბრის განცხადებები მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ასევე უცნობია, ბოლო გამოკვლევებიდან დღემდე, კიდევ გაუარესდა თუ არა მზია ამაღლობელის მხედველობა, რომელიც ბოლო კვლევებისას უკვე კრიტიკულ ნიშნულზე იყო“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად, რა სამედიცინო შედეგებთანაა დაკავშირებული შერჩეული მკურნალობა, როგორია ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი რისკები, არსებობს თუ არა ალტერნატიული ვარიანტები მკურნალობასთან დაკავშირებით, რა არის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი რისკები და ა.შ.
„შესაბამისად, მზია ამაღლობელს წართმეული აქვს მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისად, ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლება“, – აცხადებს საია.
საია მიმართავს:
- „ოცნების“ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას – „დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში („ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“) მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად“
- საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს – „დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად“.