„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს დღეს, 6 ნოემბერს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცა. „ბათუმელები“ ავრცელებს მის გზავნილს, რომელიც გერმანიაში დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხეს:
„მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“.
ეს არის Fritt Ord Foundation-ისა და ZEIT Stiftung Bucerius-ის ყოველწლიური პრემია, რომლის წლევანდელი ლაურეატები არიან:
- მედია პლატფორმა Gwara Media უკრაინიდან
- ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოდან
- საგამოძიებო ონლაინმედია საშუალება Direkt36 უნგრეთიდან
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა რუსეთიდან
- მედია არხი Belarus Investigative Center ბელარუსიდან
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა აზერბაიჯანიდან.
Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და რომ ის ჯილდოვდება 25-წლიანი ერთგულებისთვის ჟურნალისტური ეთიკისა და ეთიკური განსჯის მიმართ.
22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.