გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელთან, მზია ამაღლობელთან, რომლის მეორედ დაკავებიდან საათზე მეტი გავიდა, ადვოკატებს არ უშვებენ.
ინტერესების დამცველმა, პაატა დიასამიძემ „პუბლიკას” უთხრა, რომ ამაღლობელთან მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეუშვეს. თუმცა, მისი თქმით, ეს ვერ ცვლის ფაქტს, რომ ირღვევა დაცვის უფლება.
პაატა დიასამიძის განცხადებით, მან რამდენჯერმე დარეკა გენინსპექციაში, თუმცა, იქ მხოლოდ განცხადებას იტოვებენ, ხოლო რეაგირებას არ ახდენენ იმაზე, რომ პოლიცია დაკავებულის უფლებას არღვევს.
„ბათუმელების” ცნობით, მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრა, რომ მას ბათუმის პოლიციის უფროსი არასათანადოდ მოეპყრო.
გამოცემის მიხედვით, ამაღლობელის მონათხრობის თანახმად, როდესაც ის პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, იგი ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ.
„ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა”. – წერს „ბათუმელები”.
აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.
მანამდე ამავე საბაბით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი.
რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს.
თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.
მთლიანობაში, საიას აჭარის ფილიალის უფროსის, თამარ წულუკიძის თქმით, დაკავების ოქმი 12 ადამიანზე შედგა.