ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მორიგი პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე 3 გამომძიებელი გამოიკითხა: ლევან გოგმაჩაძე, გურამ დიასამიძე და გიორგი ბჟალავა. გამოკითხვების პარალელურად ისმოდა შეძახილები დარბაზს გარედან: „თავისუფლება მზიას”.
მოწმეების გამოკითხვის დაწყებამდე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მზია ამაღლობელმა დატოვოს საკანი და სასამართლო პროცესზე დაიკავოს მაგიდა დაცვის მხარესთან ერთად.
ადვოკატებს ამ მოთხოვნის 2 საფუძველი დაასახელეს:
იმისთვის, რომ დაცვის მხარემ შეძლოს მტკიცებულებების გამოკვლევა, აუცილებელია ეფექტური კომუნიკაცია მზია ამაღლობელთან – ადვოკატების თქმით, დარბაზში ხმა ცუდად ისმის, მზიას ხმის დაბალი ტემბრის გამო კი ზოგჯერ მისი ნათქვამის გაგება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით, საკანში განთავსებით და მასთან ბადრაგის 5 თანამშრომლის ყოფნით ხდება მზია ამაღლობელის სტიგმატიზაცია, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პირის, თითქოს საფრთხეს ქმნის.
„არაერთხელ გვინახავს საქართველოშიც ბრალდებული, რომელიც ზის დაცვის მხარესთან ერთად.
მზიას არც ერთ ეტაპზე არ გაუწევია წინააღმდეგობა სამართალდამცველებისთვის და არ არსებობს მისი გაქცევის ან სხვა სახის რეალური საფრთხე.
ამ ფონზე მზიას საკანში განთავსებას დაცვის მხარე მიიჩნევს ღირსების შემლახავად და მიიჩნევს, რომ სახეზეა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (საქმის სამართლიანი დარღვევის უფლება)”. – თქვა „საია”-ს იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ.
თუმცა, ბრალდების მხარე დაცვის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პროკურორების თქმით, „არაფერი არ მიუთითებს, რომ ბრალდებულს ხელი ეშლება მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში, წინა სხდომაზე კი ერთადერთი, რაც მზიას ხელს უშლიდა, იყო ის ხმაური, რომელიც გარედან შემოდიოდა”.
31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს ბრალდების მხარის მოწმე, პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც შეადგინა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი და გაჩხრიკა ის.
პარალელურად სასამართლოს შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებდნენ: „თამარ კერესელიძე – მონა”, „თამარ კერესელიძე – ცრუ მოწმე”, „მონა ხარ”, „თამარ კერესელიძე – მოძალადე პოლიციელი ხარ”.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის დღევანდელი შუამდგომლობა. მისი თქმით, დარბაზი მოეწყო იმ ფორმით, რა ფორმაც ადვოკატებმა მოითხოვეს, ხოლო „ადვოკატებს პირველივე სხდომიდან ამ წუთამდე არ აქვთ ბრალდებულთან კომუნიკაციის შეზღუდვა”.
„წინა სხდომაზე არ იყო ხმის გამაძლიერებლები, დღევანდელი სხდომისთვის იზრუნა. შესაბამისად, ამ კუთხით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია”. – თქვა ნინო სახელაშვილმა.
რაც შეეხება მოწმეთა გამოკითხვას:
აჭარის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, ლევან გოგმაჩაძემ თქვა, რომ იმ ღამეს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს, მორიგე იყო და „მისმა უფროსმა, გიორგი კავსაძემ ინფორმაციული პატაკი დააწერა, რომლითაც გამოძიება უნდა დაეწყო”.
„პატაკში ასახული იყო შინაარსი, რომ პოლიციელზე მოხდა თავდასხმა და გამოძიება დაწყებული იყო 353-ე პრიმა მუხლით.
როცა კავსაძემ პატაკი გადმომცა, მითხრა, რომ მზია ამაღლობელი ფაქტობრივად იყო დაკავებული.
მე გადავწყვიტე, გამოძიება დამეწყო 353-ე პრიმა მუხლით, რის თაობაზეც ვაცნობე პროკურორს, რომელიც დამეთანხმა და დავიწყე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე”. – თქვა გოგმაჩაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პატაკის ავტორი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ბერდია ფერაძე, რომელიც 31 მარტის სხდომაზე გამოიკითხა.
გოგმაჩაძის თქმით, პატაკში ეწერა, რომ „11-12 იანვრის ღამეს იყო მიტინგი და ქალაქის სამმართველოს უფროსზე მოხდა თავდასხმა, რომელსაც ქალმა მარცხენა ხელი გაარტყა მარჯვენა ლოყასა და ყურზე. ეს ქალი შემდეგ აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”.
დაცვის მხარემ გოგმაჩაძეს ჰკითხა, ეწერა თუ არა პატაკში ფორმულირება „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც გოგმაჩაძემ უარყო და თქვა, რომ მასში ეწერა არა „პოლიციელზე თავდასხმა”, არამედ „ფიზიკური შეურაცხყოფა”.
„თავდასხმა – ასეთი სიტყვა არ წერია, [ბერდია ფერაძემ] აღწერა ის მომენტი, რაც მოხდა – მზიამ მოქაჩა ქურთუკზე და მარცხენა ხელი გაარტყა მარჯვენა ხელისა და ყურის არეში”. – თქვა გოგმაჩაძემ.
ადვოკატ მაია მწარიაშვილის კითხვაზე, რატომ დაიწყო მან გამოძიება 353-ე მუხლით, როცა პატაკში არ ეწერა, რომ სილის გარტყმა მოხდა ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი მოვალეობის გამო, გოგმაჩიძემ უპასუხა:
„მე ვიცი, ვინაა ირაკლი დგებუაძე და მაგიტომ დავიწყე ამ მუხლით გამოძიება პროკურორთან შეთანხმებით”
მისივე განცხადებით, მთავარი გამომძიებელი იყო გურამ დიასამიძე და მას საქმესთან სხვა შემხებლობა არ ჰქონია.
გურამ დიასამიძე ის გამომძიებელია, რომელმაც ის 4 პოლიციელი გამოჰკითხა, რომლებმაც მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ჩვენება იდენტური ტექსტით მისცეს: ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი. პოლიციელების გამოკითხვის ოქმების თანახმად, იდენტურია ქრონოლოგია, თხრობის მანერა და სიტყვები.
გურამ დიასამიძემ თქვა, რომ მან გამოჰკითხა როგორც ეს პირები, ასევე, გამოითხოვა მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ამსახველი ვიდეო „აჭარის ტელევიზიიდან”.
გურამ დიასამიძემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ ამ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ, ვინაიდან 11 იანვრის საპროტესტო აქციასა და მსვლელობაში მისი დაწყებიდანვე მონაწილეობდნენ.
ადვოკატ მაია მწარიაშვილის მოთხოვნით, სასამართლო პროცესზე ჩართეს ვიდეო, რაზეც დიასამიძე ლაპარაკობდა.
შემდეგ ადვოკატმა დიასამიძეს ჰკითხა, საიდან იცოდა მან, რომ მაგალითად, ვახტანგ ბოლქვაძე იყო თვითმხილველი მოწმე, რომელიც უნდა გამოეკითხა.
მაია მწარიაშვილი: რა იცოდით, რომ ბოლქვაძე იყო თვითმხილველი მოწმე, როცა ვიდეო არ გქონდათ ნანახი? მაჩვენეთ, ამ ვიდეოში რომელია ბოლქვაძე
გურამ დიასამიძე: ვერ გიკონკრეტებთ, აღწერს თავად, თვითონ დაკონკრეტებული აქვს, როგორ და რა, და რა საოცარია, რომ 2 და 3 თვის წინანდელი მოვლენა არ გახსოვდეს.
მაია მწარიაშვილი: გასაგებია, რომ თვითონ მოვიდა და გითხრათ, მე იქ ვარო. მე რომ მოსულიყავი და მეთქვა, დამკითხეთ-თქო, თქვენ როგორ დარწმუნდებოდით, რომ მე ვარ დასაკითხი მოწმე? სახეზე იცნობთ?
გურამ დიასამიძე: ვიცნობ.
მაია მწარიაშვილი: და აქ ვერ ხედავთ იმ სახეს?
გურამ დიასამიძე: ის დაიკითხა, ის დგას უშუალოდ დაკავების ადგილას, როგორც მახსენდება. მან ჩანაწერის დათვალიერებაშიც მიიღო მონაწილეობა და დაადასტურა, რომ იქ იყო. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია მოპოვებული მტკიცებულებები. ადასტურებს თავადაც.
მაია მწარიაშვილი: თქვენ როგორ დარწმუნდით, რომ ბოლქვაძე არის მოწმე?
გურამ დიასამიძე: ეს პიროვნება იქ იყო და ნიღაბი უკეთია. ეს არ ნიშნავს, რომ იქიდან რომ გავიდა, ნიღაბი სრულად ეკეთა. ჩვენ ვიცოდით, რომ ვახტანგ ბოლქვაძე იქ იყო.
რაც შეეხება მესამე მოწმეს, გიორგი ბჟალავას – ის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეა. ბჟალავამ 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძესთან ერთად პირადად დააკავა მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელის საქმეზე საერთო ჯამში 5 მოწმეა გამოკითხული.
პროკურორმა ბჟალავას ჰკითხა, თუ ნახა ირაკლი დგებუაძე მას შემდეგ, რაც მას მზია ამაღლობელმა ხელი დაარტყა და რა მდგომარეობაში იყო ის.
ბჟალავამ უპასუხა:
„კი, პოლიციის შენობაში შევხვდი მას მომხდარიდან 10-15 წუთში. რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, პოლიციელს ხელს რომ დაარტყამ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს. გაწითლებული ჰქონდა სახე”.
ამ ამასთან, ბჟალავამ თქვა, რომ 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე თავიდანვე იყო, ამასთან, ეკეთა ნიღაბი, იმიტომ, რომ „სციოდა, ასევე, გაციებული იყო”.
მზიას ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა გამომძიებელს ჰკითხა, თავად თუ ნახა, რომ ქალი პოლიციელებს შეურცხყოფას აყენებდა. ბჟალავამ უპასუხა, რომ კი.
საქმე ეხება მზია ამაღლობელის დაკავებას პირველად, ადმინისტრაციული წესით.
გიორგი ბჟალავა: მოუწოდებდნენ ქალბატონ მზიას, დამშვიდებულიყო და რომ არ მიეყენებინა სიტყვიერი შეურცხყოფა პოლიციელებისთვის. მაგრამ ის კვლავ განაგრძობდა პოლიციელების შეურაცხყოფას. რა სიტყვებს ამბობდა ან ვის აყენებდა შეურაცხყოფას, არ მახსოვს. ყველა პოლიციელს აყენებდა შეურაცხყოფას. ცუდი სიტყვები იყო.
მაია მწარიაშვილი: მაგალითად?
გიორგი ბჟალავა: გავიმეორო? ბოდიშს მოგიხდით: ბოზებო, მონებო და ა.შ
მაია მწარიაშვილი: რა იყო დაკავების საფუძველი, რის გამო დააკავა გოჩა ვანაძემ მზია ამაღლობელი?
გიორგი ბჟალავა: მოუწოდეს ქალბატონ მზიას, არც სტიკერი გაეკრა და დამშვიდებულიყო, მაგრამ მან მაინც გააკრა სტიკერი და ამის გამო იყო დაკავებული.
მაია მწარიაშვილი: თქვენ გამოგკითხეს 12 იანვარს და არსად არ ამბობთ, რომ მზია ამაღლობელი იძახდა; „ბოზებო”, არც შემდეგ გამოკითხვაში არ ამბობთ ამას, როცა ოზურგეთის პოლიციამ გამგკითხათ. დღეს ეს საიდან გაგახსენდათ?
გამოკითხვის ოქმებში რატომ არ ამბობთ, რომ ნიღაბი გეკეთათ?
გიორგი ბჟალავა: არავინ მკითხა.
მაია მწარიაშვილმა მას ჰკითხა, რატომ არ დააკავეს მზია ამაღლობელი მაშინვე, თუ ის ნამდვილად ეძახდა პოლიციელებს „ბოზებოს”.
ბჟალავამ უპასუხა, რომ „ვერ მოხერხდა”.
გიორგი ბჟალავამ ასევე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი გათავისუფლდა, მზია ამაღლობელი და მასთან ერთად მყოფი ქალი [ეთერ თურაძე] ირაკლი დგებუაძესთან ლაპარაკის აგრესიულები იყვნენ – აგრესიული ტონი ჰქონდათ, თუმცა, „შეგინება არ ყოფილა”.
ამასთან, გიორგი ბჟალავამ თქვა, რომ ირაკლი დგებუაძე მათ უმარტავდა სხვა ადამიანების დაკავების მიზეზებს.
მაია მწარიაშვილმა მას სთხოვა, დაეზუსტებინა, რას ნიშნავს გამოკითხვის ოქმში ნათქვამი „უკმაყოფილების გამოხატვა პოლიციის მიმართ”.
„პრეტენზია ქონდათ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების შესახებ, რომ არაფერ შუაში არ არიან, რატომ დააკავეთ და ა.შ თქვე მონებო და ა.შ
ამას აკეთებდა მზია და მეორე ქალბატონი”.
მაია მწარიაშვილმა დარბაზში გააშვებინა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ სილის გაწვნიდან რამდენიმე წუთში, ირაკლი დგებუაძეს ლოყა და ყური აწითლებული არ აქვს.