„მზიას სია“ - ქართული დიასპორის ორგანიზაციები და ემიგრანტები ევროპის ინსტიტუტებს საქართველოს მხარდასაჭერად მიმართავენ

პუბლიკა

ემიგრაციაში მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციები ევროპის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დატოვონ საქართველო მარტო თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, გააძლიერონ პოლიტიკური მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ „მოძრაობა მზიასა“ და „მზიას სიას“ — როგორც მიზნობრივი სანქციების მექანიზმს რეპრესიების ორგანიზატორების წინააღმდეგ.

„ჩვენ, ქართული დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების ჯგუფები, გწერთ, რომ მოგიწოდოთ, გააძლიერეთ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სულ უფრო რეპრესიული და ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის კრიტიკულ მომენტში.

მოგიწოდებთ, იმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, სანამ გვიან არ არის.

ფრაზამ – „სანამ გვიანი არ არის“ – რომელიც ახლახან წარმოთქვა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა – როგორც საქართველოში ტირანიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ასევე საერთაშორისო მოკავშირეებისთვის.

300 დღეზე მეტია, ქართველი ხალხი გაბედულად უწევს წინააღმდეგობას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გზას.

საპასუხოდ, რეჟიმმა გააძლიერა ძალადობისა და დაშინების ტაქტიკა, მიზანში ამოიღო პროტესტის მონაწილეები, ჟურნალისტები და სამოქალაქო პირები.  ამის უახლესი მაგალითი 8 სექტემბერს მოხდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები, მათ შორის, ქალები და მოხუცები, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ობიექტები გახდნენ.

23 სექტემბერს ევროპარლამენტის წევრებმა მზია ამაღლობელი სახაროვის პრიზზე წარადგინეს. ის 260 დღეა, პატიმრობაშია და საქართველოს დემოკრატიული წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა – საერთაშორისოდ აღიარებული სხვადასხვა პრიზებით და ნომინაციებით.

ამ მოვლენების ფონზე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „მოძრაობა მზია“ – საერთაშორისო სამოქალაქო პლატფორმა საქართველოს დემოკრატიის პრობლემებზე ცნობიერების ასამაღლებლად და საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. გვჯერა, რომ მოძრაობისთვის თავისუფლებისა და სიმართლის დაცვისთვის დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სახელის დარქმევა წარმოაჩენს საქართველოს წინააღმდეგობის სულსა და სიმამაცეს.

ამ მოძრაობის ფარგლებში წარმოგიდგენთ „მზიას სიას“ – შემოთავაზებულ სანქციების მექანიზმს, რომელიც მიმართული იქნება იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე.

ამ წერილს თან ერთვის 277-კაციანი სია, რომლებზეც მოგიწოდებთ, დაუწესოთ სანქციები. როგორც მზია ამაღლობელმა თქვა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, „დაასანქცირეთ „ქართული ოცნება“ და არა საქართველო (ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით)“.

სია შედგენილია სანდო აქტორების, მათ შორის, პოლიტიკური მოძრაობების: „თავისუფლების მოედნისა“ და „თავისუფლების ინსტიტუტის“, ასევე პარტია „ფედერალისტების“ სამოქალაქო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგად ჩატარებული კვლევების მიხედვით.

გადავწყვიტეთ, საჯაროდ არ დავასახელოთ ბევრი ორგანიზაცია, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ სიის შედგენაში, რადგან ისინი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგანან. მათი საბანკო ანგარიშები გაყინულია, მათ წევრებს ავიწროვებენ, აშანტაჟებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან და ფიზიკურად თავს ესხმიან.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ „მზიას სიის“ სახელით სანქციების პაკეტის ფორმალიზება, შესაძლოა, საჭიროებდეს სამართლებრივ პროცედურებს.

თუმცა მოგიწოდებთ, განიხილოთ მისი სახელისა და ჩარჩოს მიღება, როგორც სამომავლო მოდელი მიზნობრივი სანქციებისთვის.

საწყის ეტაპზე „მზიას სია“ განიხილება, როგორც ძლიერი პოლიტიკური სიმბოლო წინააღმდეგობისა და სოლიდარობისა — რეპრესიების ჩამდენთა პასუხისმგებლობის გამოკვეთისა და სამართლიანობისთვის მებრძოლთა ხმების გაძლიერებისათვის.

შესაბამისად, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ კონცეფციის ინტეგრირებას საქართველოს კრიზისის გარშემო არსებულ ფართო დისკურსში.

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან, წევრ სახელმწიფოებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან „მზიას სიის“ ფორმალურ ანგარიშვალდებულების მექანიზმად გადაქცევის მიზნით.

გვჯერა თქვენი მხარდაჭერის. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, გაყალბებული ბრალდებების, იძულებითი აღიარებებისა და სისტემური ძალადობის კამპანია, რომელსაც ხელმძღვანელობენ მაღალი თანამდებობის პირები, სასამართლო და სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურები, არ უნდა დარჩეს სიჩუმის საფარველში.

ამ კონტექსტში ნებისმიერი განცხადება ან მხარდაჭერის გამოხატვა თქვენი მხრიდან „მოძრაობა მზიასა“ თუ „მზიას სიის“ მიმართ იქნება ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი სიგნალი სოლიდარობის შესახებ საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობასთან.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიების კამპანია ქვეყნის საზღვრებსაც სცდება და ემიგრანტ აქტივისტებსა და მათ ოჯახებს უცხოეთში ემუქრება დაშინებითა და ზეწოლით.

დასასრულს, პატივისცემით მოგიწოდებთ:

● საქართველო მყარად შეინარჩუნოთ ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში;

● მობილიზება მოახდინოთ ქვეყნის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად;

● დაუდგეთ გვერდით სამოქალაქო საზოგადოებას — როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში;

● და მხარი დაუჭიროთ „მზიას სიის“ განვითარებასა და დანერგვას, როგორც სანქციების მექანიზმს პოლიტიკური რეპრესიების ჩამდენთა წინააღმდეგ.

თქვენი უწყვეტი ჩართულობა გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხალხი არ დარჩეს მარტო თავისუფლებისთვის, ღირსებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მზიას სიაში“ მოხვდნენ „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრები:

  1. ირაკლი კობახიძე
  2. შალვა პაპუაშვილი
  3. მაკა ბოჭორიშვილი
  4. ირაკლი ჩიქოვანი
  5. გეკა გელაძე

„ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე;

„ოცნების“ პროპაგანდისტები და პროპაგანდული მედიების ხელმძღვანელები:

  1. შალვა რამიშვილი
  2. ზაზა შათირიშვილი
  3. ირაკლი რუხაძე
  4. თინათინ ბერძენიშვილი
  5. ბაკურ ბაკურაძე
  6. ვასილ მაღლაფერიძე
  7. ირაკლი ჩიხლაძე
  8. მაგდა ანიკაშვილი
  9. ვარლამ გორგილაძე
  10. ნინო შუბლაძე
  11. გიორგი გვიმრაძე

სასამართლო და საპოლიციო სისტემის წარმომადგენლები – მოსამართლეები, პროკურორები, შსს-ს თანამშრომლები და ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები.