„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს არეულობის გამოწვევას - პაპუაშვილი დმანისში დაჭრაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დმანისის ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

მან მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას დაუკავშირა და მომხრეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ და არ აჰყვნენ ოპოზიციური პარტიის პროვოკაციებს.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა.

სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.