„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კალაძის მისვლას მოითხოვს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას მოითხოვენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ის პროექტები წარუდგინა, რომლebიც ქალაქის გენერალურ გეგმას არღვევს.

„როგორც საზოგადოებისთვის ამ დღეებში გახდა ცნობილი, თბილისის მერიამ აგვისტოში დასამტკიცებლად წარუდგინა პროექტების მთელი კასკადი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ურბანული ნაღმები. საუბარია თბილისში ჯამში 2 მლნ კვადრატული მეტრის  განაშენიანებაზე, რა დროსაც „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად გადაუხვია გენერალური გეგმიდან და მოახდინა აბსოლუტურად ქალაქის ინტერესების და უსაფრთხოების უგულებელყოფა.

ამ პროექტებმა ამ დღეებში საზოგადოებაში გამოიწვია ძალიან მაღალი ვნებათაღელვა, გააჩინა კრიტიკული შეკითხვები და ძალიან მწვავე კრიტიკული პოზიციები, ვინაიდან თითოეული პროექტი შეიცავს ძალიან მაღალ რისკებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და დაკავშირებულია ადამიანების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ დედაქალაქის მერი – კახი კალაძე მაინც თვლის, რომ ამ პროექტების განხორციელება გონივრულია თბილისის განვითარების მიზნებთან, მაშინ მოვითხოვთ, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე თავად თბილისის მერი გამოცხადდეს და როგორც ამ ქალაქის, მის უსაფრთხოებაზე და სწორ განვითარებაზე პასუხისმგებელმა პირმა თავად წარადგინოს პროექტები და გასცეს ძალიან კრიტიკულ შეკითხვებს პასუხი, თავად აუხსნას მოსახლეობას ამ პროექტების სარგებლიანობის შესახებ”, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი პროექტების უკან „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებულ პირები დგანან.

„კახი კალაძე, არ შეგეშინდეს, არ დაიმალო. საზოგადოებაში არის მწვავე პროტესტი, მწვავე კრიტიკა, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. თუ ხარ მართალი, თუ ფიქრობ, რომ ეს პროექტები თბილისელებისთვისაა კარგი და არა ივანიშვილ-ჩხარტიშვილისთვის და მაფიოზებისთვის, მოდი და შენ თავად გაგვეცი პასუხი. გაეცი საკრებულოს და თბილისელებს პასუხი, რატომ გინდა, რომ ეს ქალაქი კიდევ ურო უარესი გახდეს საცხოვრებლად და გადააქციო ჯოჯოხეთად”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისში დაგეგმილი რამდენიმე სადავო პროექტი განიხილება. მათ შორისაა: ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.