თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების ნაწილმა ენმ დატოვა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების ნაწილმა დატოვა. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს

ბესიკ გაზდელიანის განცხადებით, პარტიის დატოვებით ნაბიჯს დგამენ წინ, ნათელი მომავლისთვის საბრძოლველად.

„დღეს აქ ვდგავართ „ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ემსახურებოდა პარტიას და იმ ღირებულებებსა და იდეალებს, რის გამოც თავის დროზე ამ პარტიაში მოვედით.

მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები”. – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ლაგვილავას განცხადებით კი, ისინი ბრძოლას ახალი პარტიიდან აპირებენ, რომელსაც ნიკა მელია დააარსებს.

„ის, რაც დღეს ხდება პარტიაში – კლანურობა, კარჩაკეტილობა, არაფორმალური მმართველობა, განსხვავებული აზრის მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დევნა პარტიიდან, ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ეფექტური იარაღი დღევანდელი რუსული რეჟიმის დასამარცხებლად.

აუცილებლად ვაპირებთ შესვლას ახალ პარტიაში, რომელიც დაფუძნდება უახლოეს მომავალში ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ ღირსებით სიმართლით შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას“. – აღნიშნა დავით ლაგვილავამ.