„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე ფიზიკურად იძალადეს - „ქართული ოცნება"

პუბლიკა
„ქართული ოცნება” მარნეულში დღეს მომხდარი ინციდენტების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მმართველი პარტიის განცხადების მიხედვით,  „ნაციონალური მოძრაობის” ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და „ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს. რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.

ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ”,  – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

დღეს მარნეულში ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის თქმით, მარნეულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის აქტივისტებს დაესხნენ თავს.
ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, პარტიის წარმომადგენლები მანქანაში ისხდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელთა შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსაც.

„არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები”, – წერს „მთავარი არხი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით კი, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.