„ნაციონალური მოძრაობის" fake-დღის წესრიგი აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე, რაც არანაირად არ დასტურდება - რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 6 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ აქციებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები გაყალბებულ ოქმებთან დაკავშირებით არ დასტურდება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მათი დესტრუქციული დღის წესრიგის ნაწილია. გთავაზობთ მის განცხადებას:

„ქვეყნის მასშტაბით და ასევე აჭარაშიც საოლქო და საუბნო კომისიებმა დაასრულა ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა და ამ განხილვების შედეგად, რომელშიც მათ შორის მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის” fake-დღის წესრიგი, რომელიც აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე, არანაირად არ დასტურდება. ეს არის პირდაპირი მცდელობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის.

მე მაგალითისთვის ხელთ მაქვს მე-19 უბნის ოქმი, რომელიც შესწორების შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველმა პარტიამ პირველად ოქმებში დადასტურებულზე მეტი ხმა მიიღო. ის ტენდენცია, რაც არის ამ შესწორებების შედეგად, არის ის, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულა და შესაბამისად, გადანაწილდა ისე, როგორც ამომრჩევლების ნება იყო.

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, ის მიმდინარე პროცესი, რომელიც მათ შორის ბათუმში ხდება, ეხება დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობა” ავითარებს და შეიამხანაგეს რამდენიმე არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი.

თქვენ იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ”, თავისივე ინიციატივით აჭარაში უმაღლეს საბჭოს ცვლილებებით, შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა, გაანახევრა და ამ მონაცემებით, ამ შედეგებით პროპორციულ სიაში მიიღო მანდატების უმრავლესობა. უკვე მოვიგეთ ერთი მაჟოტირალური ოლქი ქობულეთში, ვემზადებით 2 მანდატის დამატებისთვის მეორე ტურებში. ეს ნიშნავს, იმას, რომ ზოგადად აჭარის უამღლეს საბჭოში წარმოდგენილი იქნება 2 პოლიტიკური სუბიექტი – მანდატების უმრავლესობით „ქართული ოცნება” და უმცირესობით „ნაციონალური მოძრაობა”.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების განაცხადს, თითქოს ისინი არ აპირებენ სადღაც შესვლას, სადღაც თმობენ მანდატს და ჯამში, ის კონკრეტული ხაზი, რომელსაც ავითარებენ, რომ თითქოს მეტი ხმა მიიღეს – ეს არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მანიპულაცია, რომ რამენაირად არჩევნების და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ”, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.