„ქართული ოცნება – დემოკრატიულის საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. ისინი მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ. თუმცა, ბექა დავითულიანის თქმით, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.
„გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან საარჩევნო პროცესის ბლოკირებას და ხელის შეშლას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით ცდილობს, აუკრძალოს მოქალაქეს, დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო.
ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას.
მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
გუშინ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა – „დაიცავი შენი ხმა“. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მეორე ტურში უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ: „დავდგეთ თითოეულ საარჩევნო უბანზე და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. დავაკვირდეთ, რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი“, – განაცხადა მან.
ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში არ მონაწილეობენ.