„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას და მის მიერ ფორმირებულ მთავრობას ის და ლევან იოსელიანი მხარს არ დაუჭერენ.

ელისაშვილის თქმით, გიორგი გახარიას შემცვლელი უნდა ყოფილიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა გონივრული ნაბიჯის გადადგმას, კომპრომისზე წასვლას და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას.

„ღარიბაშვილი არის აბსოლუტურად 180 გრადუსით ამის საპირისპირო. ის არის ძალიან კონფრონტაციული, რადიკალური. მას მიაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკოსისთვის არის ის, რომ მას სძულდეს, თან გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია და ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს ვითარებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა, ხალხი გაღატაკებულია და პანდემიის პირობებში სკოლების გახსნას სათანადო ყურადღება არ ექცევა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო.

„წარმოდგენაც არ მინდა იმის, როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკით, ასეთი ქმედებებით განვითარდეს მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, ეს რომ სახიფათო გზა არის, ეს არის უდავო“, – განაცხადა მან.

პლენარული სხდომა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას კენჭს უყრიან, დღის წესრიგის მიხედვით, 3 საათზე დაიწყება.