„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ამ სიგიჟეში მონაწილეობას არ ვაპირებთ - ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ფრაქცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.

პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ხაბეიშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა და დღეს სამსჯელო თემები დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, თავად რომ მოიგონეს, ბიძინა ივანიშვილმა თავად რომ დადგა და თავად რომ უნდა ამ თემის აქტუალიზაცია, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ესაა პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება და პოლიტსაბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. „ქართულმა ოცნებამ” ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი იმის გამო წამოიწყო, რომ მან ევროპაში ვიზიტი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. სასამართლო საკითხს ერთი თვის ვადაში შეისწავლის და პარლამენტს წარუდგენს მოსაზრებას. კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო იმპიჩმენტს კენჭს უყრის.