„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცნობით, მათი ოფისიდან 5 პირი წაიყვანეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცნობით, მათი ოფისიდან 5 პირი წაიყვანეს: დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, ირაკლი არდია, საბა ბირკაია, მიშიკო ჯანიკაშვლი.

„ყველა პროცესუალური უფლებაა დარღვეული. არ წარმოგვიდგინეს არც ჩხრეკის ორდერი, არც  სასამართლოს განჩინება, შემდეგ ვთხოვეთ, ადვოკატი შეეშვათ, მაგრამ არ შეუშვეს. გილოცავთ, ვისაც ეს არ გაწუხებდათ, რუსული რეჟიმი ფესვებს იდგამს ამ ქვეყანაში. ხვალ სახლში რომ მოგადგებიან, შეიძლება ხმის ამომღებიც აღარ ვიყოთ არავინ, უსახო პოლიციელები „იცავენ“ სამშობლოს“, – თქვა თამარ კორძაიამ.

„ეს ადამიანები წაიყვანეს მუხანათურად, საერთოდ არ ვიცით, სად გადაიყვანეს… საერთოდ არაფერ შუაში არიან ისინი, მშვიდობიანად დგანან აქციებზე… აქედან წაიღეს დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარები. ჩვენი მეგობრები გადაჰყავთ, არ ვიცით, სად, არც იურისტებს ეუბნებიან არაფერს და არც – ჩვენ“, – თქვა იგორ ნარმანიამ.

ტიტე გედენიძე, რომლის ძმაც გადაიყვანეს, აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, სადაა მისი ძმა.

გედენიძის თქმით, ჩხრეკის შემდეგ გამოიყვანეს ენმ-ის 5 წევრი. პოლიციამ თქვა, რომ ისინი გამოკითხვაზე გადაჰყავდათ, თუმცა ხელები გადაგრეხილი ჰქონდათ.

დღეს, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიების და მოძრაობების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში შევიდა.

ჩხრეკისას მათ ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, მაშხალები, პირბადეები, ხსნარები…