„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ორი ახალი წევრი ჰყავს.
ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა წარუდგინეს.
მათი თქმით, ზაზა გოგავა პარტიის სამდივნოში დაიკავებს ადგილს, ხოლო მამუკა ყურაშვილი – პარტიის თბილისის ორგანიზაციაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, მე თავს არ შეგაწყენთ კონკრეტული ადამიანების წარდგენით, რადგან, მათი ბიოგრაფიებიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ბატონი ზაზა გოგავა და ბატონი მამუკა ყურაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებს და გააძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა 2006-2008 წლებში ქართული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ხოლო 2008 წლიდან 2012 წლამდე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი იყო.
ქართული არმიის ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი ასევე იყო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 2009 წლიდან. მანამდე ის სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსად მუშაობდა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
„2012 წლის შემდეგ სახელმწიფო სამსახურებთან არანაირ კავშირი არ მქონია, შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა, სად ვიყავი ეს ათი წელი, მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში, მე, ბატონი გენერალი და მრავალი სამხრეებიანი ადამიანი, მრავალი სამოქალაქო პირი, ვემსახურებოდით დიდ მიზანს, რომელიც გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებით – ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დასკვნა, მანამდე იყო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა, არ გვინდოდა, რომ რაიმე პოლიტიკური შემხებლობა გვქონოდა. ამის შემდეგ, უკვე განვითარებული მოვლენების გამო, მოგეხსენებათ სტრასბურგის ბრწყინვალე გამარჯვება და ამ გამარჯვების შემქმნელი და უმაღლესესი მთავარსარდალი ამ წუთში იმყოფება ციხეში, ყოფილი თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ დევნაში, ათასობით სამხედრო ქვეყნიდან წასულია, ათსობით სამხედრო იბრძვის უკრაინაში იმ დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი დაუძინებელი მტერი – რუსეთი ჰქვია და ბოლოს გადამწყვეტი მომენტი იყო 7-9 მარტის მოვლენები“, – განმარტა ზაზა გოგავამ.