„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გავცვალოთ, ესენი არიან ომის დამნაშავეები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდინმა დაავალა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს, მოამზადონ შესაბამისი საპროტოკოლო ინსტრუქცია.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს მოეპყრონ ჰუმანურად, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს ტყვეებს. მაგრამ რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა იყოს“, – აღნიშნა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ.
16 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 264 უკრაინელი ჯარისკაცი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონბასის რეგიონშია ევაკუირებული.
ქარხნიდან გაყვანილი ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან. ევაკუაციის პროცესში გაერო და წითელი ჯვარი ჩაერთნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გუშინ, 16 მაისს განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების მიმართ უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანება – პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა იყო.