„ნაცმოძრაობა“ ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი“ | პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, რაც პარტიას პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ესახება, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი დეპუტატი პარლამენტში არ შევა.

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა გითხრათ, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ოცნება.

პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ, „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის.

არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოლიგარქმა არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც სინამდვილეში არ არის პარლამენტი და არის ივანიშვილის კანტორა, ივანიშვილის ნება-სურვილის აღმსრულებელი“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ იმ პოზიციაში, რომელსაც ოპოზიცია ელჩებს გააცნობს, პარტია ერთიანია. კონკრეტულად რა პოზიციაზეა საუბარი, პარტიის წევრებს, ცხადია, არ უთქვამთ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, დღეს შეხვდებიან „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების ფასილიტატორებს და მათ საერთო, შეჯამებულ პოზიციას გააცნობენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, დღეს, 4 დეკემბერს განაცხადა, რომ დაუშვებელია, ჩაინიშნოს ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები, თუმცა აქვთ სხვადასხვა წინადადება.