„ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული, ყოვლად მიუღებელი" | ღარიბაშვილი და მდინარაძე ლიეტუველი დეპუტატის განცხადებაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვის სეიმის წევრის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები გააკრიტიკეს. პავილიონისი საქართველოში იმყოფება. ის გუშინ უკვე შეხვდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერებს..

„ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს, რაც ცოტა გასაკვირია, რადგან ამ როლს, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.

რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია, ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები. დაბოლოს, როგორც აღმოჩნდა, მის განცხადებებში, ასეთი ფრაზაც იყო, რომ თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ. აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამითვის არ ვართ განყობილები და არასდროს განვეწყობით ამგვარად”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და აბოლუტურად მიუღებლია, თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს.

„ამას ქართველი, საქართველოს მოსახლეობა და საქართველო არასდროს შეეგუება და აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი ფრაზები ნებისმიერი ადამიანის განცხადებაში, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა კონკრეტული ადამიანებისა და განსაკუთებით ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიმართ”, – აღნიშნა მან.

შეფასებებში უფრო ხისტი იყო პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ჟიგიმანტას პავილიონისს „ნაცმოძრაობასთან” პირდაპირ დაკავშირებული” უწოდა.

„ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობასთან” პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ამავდროულად მინდა აღვნიშნო, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი. მე მინდა, ასევე შევუერთდე ბატონი მამუკას ამ პათოსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ სტუმარმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის. ჩვენი მთავრობისთვის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა.

„[ლიეტუვაში] ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელთაც გვძულდა კიდეც ერთმანეთი და ახლაც გვძულს, ვიდექით ერთად საერთო და სტრატეგიული მიზნებისთვის. ეს გაკვეთილი საქართველოს ჯერაც სასწავლი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთის დიდი იმპერიის წესრიგს არ დაემორჩილოთ.

თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ”, – თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.