„ნაცმოძრაობის“ ამოცანაა, ჰქონდეთ საბაბი არჩევნების ბოიკოტისთვის - „ოცნება“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ენმ გეგმავს არჩევნების ბოიკოტს, რადგან მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიას დაწყებული აქვს არჩევნების გადადების კამპანია, მიზეზად კი პანდემიას იშველიებენ.

„ოცნების“ მაღალჩინოსნის შეფასებით, არჩევნების გადადების მოთხოვნა „პოლიტიკურ კაპიტულაციას“ ნიშნავს. მან ენმ რეგულაციების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პარტიას ახლა გაახსენდა, რომ ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია სამ ამოცანას ემსახურება:

  • საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად;
  • მეორე – არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში,  გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;
  • მესამე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და  ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი – მათ ზუსტად იციან, რომ  დამარცხდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს საქართველოში პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას [31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში].

„უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა“, – თქვა მან.

შალვა პაპუაშვილის პროგნოზით, რამდენიმე დღეში ზრდასრული მოსახლეობის 35% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი, არჩევნებისთვის კი ასეთი 60% იქნება,

წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიებს დააკისრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამ პასუხისმგებლობით გეგმავს კამპანიის წარმართვას.

„სწორედ ამასვე მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს: ნაცვლად არჩევნების, როგორც ხალხის ძალაუფლების გამოხატვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით ჩატარება.

არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ თუკი ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით უმჯობესი იქნება არჩევნების გადადება, მაშინ რეალობას თვალს გაუსწორებენ.

მისივე თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა საზოგადოებას უთხრან, როგორია მათი პროგნოზი.

„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, პროგნოზი. კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსი გამძაფრდება თუ – არა, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერზე მათ უნდა ისაუბრონ“, – ამბობს ნიკა მელია.

ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლება კოვიდვითარებას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებდა და ამიტომ მივიდა ქვეყანა ამ მძიმე ვითარებამდე.

„ამ წუთას არის სრული ვაკუუმი, სიბნელეში დგამენ ნაბიჯს და ამ სიბნელეში ხელების ფათურით დღეში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს. თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ლოკდაუნის დაწესებით ან არჩევნების გადადებით, პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ“, – ამბობს მელია.