ნაცმოძრაობის დღის წესრიგით მოქმედებს ნინო ლომჯარია - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ გლდანის ციხის საავადმყოფოს შეფასებაზე საუბრისას ამბობს, რომ სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს.

„თავის დროზე ჩვენ ოპოზიციას დავუთმეთ ეს ადგილი [ომბუდსმენის] და გამოვიდა ისე, რომ პირდაპირ ნაცმოძრაობას დავუთმეთ. ნუ რა თქმა უნდა, ამ პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს ნინო ლომჯარია, რაც არის ძალიან სამწუხარო.

ეს აჩვენებს, რომ არაფრის დათმობა ამ ხალხისთვის არ შეიძლება. სახალხო დამცველად როცა ირჩევ ადამიანს, ვისთვისაც არ უნდა იყოს ეს პოზიცია დათმობილი, რა თქმა უნდა მიუკერძოებლობის რაღაც მინიმალური სტანდარტი უნდა არსებობდეს. აქ ვხედავთ, რომ ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნინო ლომჯარიას არჩევით შეცდომა დაუშვეს თუ არა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი კომპრომისი“.

„თავის დროზე ასეთი იყო მოცემულობა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხვადასხვა ნიუანსი იყო და დეტალებში აღარ შევალ, რადგან ეს წარსულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ გლდანის ციხის კლინიკაში დადებითი ცვლილებებია, თუმცა ისევ არ შეესაბამება კონსილიუმის რეკომენდაციას.