ნაცვლიშვილი და კორძაია საკონსტიტუციოს: დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, დროულად შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელები 29-31 აგვისტოს განიხილა. სარჩელებით მოთხოვნილია რუსული კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების გამოტანამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, მიიღებს თუ არა სარჩელებს განსახილველად.

სათათბიროდ გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია.

„ყოველი დღე, ყოველი საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თქვენ, ისევე როგორც ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოს, გაკისრიათ ვალდებულება, მიიღოთ ყველა ზომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის და ხართ ვალდებულნი, რომ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ძალიან დიდ ფასს იხდის ჩვენი ქვეყანა ყოველ დღეს, როდესაც ცხოვრება გრძელდება არა ქართული კონსტიტუციით, არამედ რუსული კანონით […]

კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ გითხრათ – დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი. ამიტომ, აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შეჩერებულ დახმარებებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისთვის გრანტების შეჩერებას.

ხოლო თამარ კორძაიამ ხაზი გაუსვა აფგან მუხთარლის საქმეს და მის გამარჯვებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან გვაქვს უმძიმესი პრეცედენტები, როდესაც ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ საქართველოს დავა მოუგო. მე მას ამას ვულოცავ, მაგრამ ჩვენ წინ უარესი გველოდება. იმიტომ, რომ ამ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.

4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე ჰქონდათ.

დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმები 5 000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას.

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით.

დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ.რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით.

თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესებზე, სადაც 29-31 აგვისტოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელები განიხილეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით დევიძემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა გავიდოდა, ანუ 2 სექტემბრის შემდეგ, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რუსული კანონის რეესტრში, მიიღებენ შეტყობინებას მონიტორინგის დაწყების შესახებ.

ეს გულისხმობს, რომ ორგანიზაციამ რეესტრს უნდა მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუმცა, თუ ორგანიზაცია ამას არ გააკეთებს, რეესტრი მის მოპოვებას თავად ეცდება – პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, ვრცელდება თუ არა რუსული კანონი ამა თუ იმ ააიპ-ზე – უნდა გაირკვეს მათი შემოსავლების ოდენობა, წყაროები და სხვა.

დავით დევიძის თქმით, ჯამში ამ ყველაფერს შესაძლოა დასჭირდეს დრო 3-დან 90 დღემდე.