კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება მოსკოვშია დაწერილი და რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მითს იმეორებს.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარია, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია „ერთი ხელიდან მართული აგენტურაა“. მისივე აზრით, გახარია და ხაზარაძე დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, ვიდრე ენმ.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ, დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. […] მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის იმეორებს კგბ-ს პარანოიდულ მითს იმის შესახებ, რომ თითქოს დასავლეთი აკონტროლებს საქართველოში ოპოზიციას. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის კგბ-ს მიერ შეთხზული ტყუილი, რაც სიმართლეა და რაც ძალიან აშფოთებს ქართულ ოცნებას არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს ძლიერი საქართველო და ოპოზიცია, ხოლო ქართულ ოცნებას ხალხის აღარც ნდობა აქვს, აღარც ლეგიტიმაცია, ამიტომაც არიან პანიკაში“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.