ნაცვლიშვილი: შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო

პუბლიკა

პარლამენტის დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა შალვა პაპუაშვილს.

სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ახალი კანონი საქართველოში სამოქალაქო სექტორს გააუქმებს.

გთავაზობთ ანა ნაცვლიშვილის გამოსვლის ტექსტს:

ანა ნაცვლიშვილი: როგორ მოგმართოთ: ბატონო შალვა, ბატონო სპიკერო თუ ბატონო აგენტო? როგორ გირჩევნიათ?

შალვა პაპუაშვილი: მომმართეთ, პარლამენტის თავმჯდომარე.

ანა ნაცვლიშვილი: არ ვიცი, მაშინ ყოფილი დამსახურებული აგენტი, მე ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ.

მე გუშინ ყურადღებით ვუსმენდი ბიუროს სხდომას და ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან დამაჯერებელი პასუხი, რატომ არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა, კიევში, სადაც გლობალური ლიდერები იკრიბებიან ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ უკვე ვიყავით იქ, მე და თქვენ ერთად ვიყავით იქ და ეს იყო სწორი ნაბიჯი. თქვენ არ გქონდათ ახსნა-განმარტება, რატომ თქვით უარი ისე, რომ არც არავისთან განგიხილავთ პარლამენტში.

ნიშანდობლივია, რომ აქ არ იმყოფება, სხდომაზე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი თალაკვაძე, არ აქვს მას სათქმელი, თუ რატომ ვერ ჩავიდა კიევში? ძალიან ცუდი, ეს უკვე პასუხია მისი მხრიდან.

ახლა რაც შეეხება ამ კანონს, აქ ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით, შემთხვევით ხომ არ მოგიკითხავთ, ვინ მოიგო, ვინ მუშაობდა ამ საქმეზე ისევე, როგორც ნაწამები პატიმრებისა და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში.

ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, რომელთაც ახლა თქვენ უპირებთ, უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი ტიტუშკები. ეს არის სცენარი. თქვენ, ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომელთაგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხას და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ.

ის თანხები გამჭვირვალეა – როგორც დონორები, ისე სახელმწიფო, სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგანაც მოდის ეს თანხები.

შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის, თუ ასეთი რამ ხდება, თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ როდის გამოიცხადებს თავს აგენტად. სირცხვილია.

თქვენ იცით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი არაა; ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი, ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები.

თქვენ გაჩუმდით! თქვენ ხმა მაშინ უნდა ამოგეღოთ, ბატონო ხუნდაძე, როდესაც 17 ათასი ადამიანი კოვიდით დაიღუპა, იყავით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული. მაშინაც პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული, როდესაც ექიმებს დაერია სახელმწიფო. აი, ახლა უცებ ამოიდგით ენა. კარგია, ლუსტრაცია თითოეული თქვენგანისთვის.

ბატონო შალვა, პირდაპირ მინდა მოგმართოთ, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელისა და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე რასაც „ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ აკეთებთ. ამაზე იფიქრეთ“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.