ნაცვლიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ სამუშაო დოკუმენტი წარადგინა

პუბლიკა

„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ სამუშაო დოკუმენტი წარადგინა.

მისი თქმით, 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება სასამართლო რეფორმის შესახებ შეუსრულებელია.

„სასამართლო რეფორმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად უნდა დაეფუძნოს ობიექტური, სრულყოფილი, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ შეფასებას სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ. ამგვარი შეფასების გარეშე რეფორმა კვლავ პარტიული ინტერესით იქნება ნაკარნახევი და საჭირო შედეგს ვერ მოიტანს.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ ხუთი არამოსამართლე წევრის შერჩევა, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების თვალი და ყური უნდა იყვნენ. ამას ხელოვნურად, ერთპარტიული ინტერესებით „ქართული ოცნება“ აბრკოლებს. ეს ხუთი ადამიანი უნდა შეირჩეს არა პარტიული ლოიალობის, არამედ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის ნიშნით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა უნდა გახდეს რეალური და არა ფორმალური, როგორც არის დღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს შემოღებული ორმაგი, 2/3-ის სისტემა.

დღის წესრიგში უნდა დადგეს საბჭოს მიერ არასრული შემადგენლობით მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გადახედვის საკითხი. უნდა მოხდეს 2021 წლის დეკემბრის ბოლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებული უკიდურესად დამაზიანებელი ცვლილებების გაუქმება და სტატუს-კვოს აღდგენა.

არსებითი ცვლილებები უნდა შეეხოს იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესს, სკოლას, დისციპლინურ სისტემას, თავმჯდომარეების არჩევის წესს, საქმის განაწილების საკითხი სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კანონით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.