ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. კოალიციური მთავრობის პირველი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი იქნება. მემარჯვენე ორთოდოქსი პოლიტიკოსი. ბენეტი ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერი იქნება, ვინც ებრაულ ქუდს – კიპას ატარებს.
ისრაელის ისტორიაში პირველად მოხვდა სამთავრობო კოალიციაში არაბული ფრაქციაც. ასევე ისტორიაში ყველაზე მეტი ქალი მოხვდა მთავრობაშიც. მინისტრის პორტფელს ახალ მთავრობაში 9 ქალი ჩაიბარებს.
ისრაელის ყველაზე დიდი პარტიის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ძალაუფლება 12 წლის შემდეგ დათმო. პოლიტიკოსის გავლენის შემცირება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა ნეთანიაჰუ თანამდებობის შენარჩუნებას აქამდე ახერხებდა. ბოლო არჩევნებში კი მისი თანამდებობიდან გადაყენება და ახალი მთავრობის ფორმირება მრავლპარტიულმა კოალიციამ შეძლო.
ნაფტალი ბენეტს ქნესეთის 120 წევრიდან მხარი 60-მა დაუჭირა, 59-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ერთმა წევრმა თავი შეიკავა. პრემიერის ასარჩევად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო, შესაბამისად ბენეტს 61 ხმა არ სჭირდებოდა და ახალი პრემიერი გახდა.
ნაფტალი ბენეტს თანამდებობაზე არჩევა უკვე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. ჰამასმა კი განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება ისრაელთან ახალი მთავრობის პირობებშიც არ შეიცვლება.