ნაგვის დაყრისთვის ჯარიმა შესაძლოა, გაიზარდოს – კანონპროექტი

პუბლიკა

პარლამენტში დარეგისტრირდა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ნაგვის დაყრისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის (საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან) გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ორმაგდება და ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტოსანტრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევი 120 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის მიხედვით, 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებისთვის, პირი 150 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად გაოთხმაგებული – 2000 ლარის ოდენობით;

2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი 100-ის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება;

„2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე; 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით; დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის, იურიდიულ პირებს კი 6 000 ლარის ოდენობით”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ცვლილებები ასევე შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ. კერძოდ, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით;

აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციებისა და ჯარიმების გაზრდას სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების, კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების, ცხოველის სხეულისა და სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევებზე, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვაზე ჯარიმის ზრდას.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.