ნაკაიძე: ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, მოღალატესაც აქვს უფლება, სამშობლოში დაიმარხოს

პუბლიკა

დღეს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. სხდომაზე ენმ-ის წევრთა მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება” გეგმავდა იმგვარი ცვლილებების მიღებას, რომლის შედეგადაც ამნისტია შეეხებოდა იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძეს. მსგავსი ცვლილებების შეტანის განზრახვა ნოდარ სარჯველაძემ უარყო და თქვა, რომ ცვლილებები ასლან აბაშიძის ამნისტიას ვერ შეეხება.

დისკუსიას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე. მისი თქმით, მას ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიაჩნია. „ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს“.

„პირადად მე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არაერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამნისტია უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცემთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს.

მსგავსი ადამიანების ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ მისი ბაბუა მემედ აბაშიძე მთავარი ფაქტორი იყო იმისა, რომ დღეს აჭარა საქართველოს ერთიანების ქვეშ არის. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს. მან პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა – თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ტარიელ ნაკაიძეს უპასუხა კანონპროექტის ავტორმა ნოდარ სარჯველაძემ, მისი თქმით, ამნისტია ასლან აბაშიძეს არ შეეხება.

„მე შეიძლება ბევრ რამეში რაც თქვენ ბრძანეთ დღეს, მაგალითად ასლან აბაშიძეზე დაგეთანხმოთ, მაგრამ ამის მიღმა და ამისგან დამოუკიდებლად ის მუხლები, რომლებიც შეიძლება მას ჰქონდეს წაყენებული არ გვაძლევს საშუალებას და ვფიქრობ, რომ ვერ მოხვდება ამნისტიის წრეში.“ – განაცხადა ნოდარ სარჯველაძემ.