ნაკაიძე: სახედაკარგულმა სუბარმა მითხრა, რომ 20 წელია გიცნობ და ვიცი, ვისი აგენტიც ხარო

პუბლიკა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს პლენარულ სხდომაზე მიკროფონი ჩაარტყა.

ამ ფაქტის შესახებ ტარიელ ნაკაიძემ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნის მოღალატე დეპუტატებმა, მას შემდეგ, რაც არგუმენტები გამოელიათ, ფიზიკურ დაპირისპირებას მიმართეს.

„დიახ, მე ვთქვი და კიდევ ვამბობ, რომ ეს ადამიანები ღალატობენ ქვეყანას, ღალატობენ რუსეთთან ომს შეწირული გმირების ხსოვნას, ღალატობენ თავიანთი შვილების მომავალს. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმ იშვერი სიტყებისთვის, რომლებიც თავად გამყიდველების შეურაცხყოფის პასუხად გამოვიყენე.

მინდა ვთქვა, რომ სამარცხვინოდ სახეცვლილმა და სახედაკარგულმა სოზარ სუბარმა ჩემი მიმართულებით თქვა, 20 წელია გიცნობ და ვიცი, ვისი აგენტიც ხარო. მე ვკითხე ვისი აგენტი ვარ? მე, 20 წლის განმავლობაში, ვხელმძღვანელობდი „ქართველ მუსლიმთა კავშირს”, სოზარმაც ძალიან კარგად იცის, რას ემსახურებოდა ჩემი საქმიანობა. თუმცა, ახლა, როგორც ფაშისტური რუსეთის მსახურმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, მუსლიმი თემის უფლებების დაცვა აგენტობად მონათლა, რაშიც არაფერია ახალი – რუსეთის ყველა ჯაშუში ამ ქვეყანაში ცდილობს უმცირესობების დისკრედიტაციას, “- თქვა მან.


დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის დაპირისპირება სოზარ სუბარისა და ტარიელ ნაკაიძის დიალოგით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები  მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს „აგენტს“ ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

მოგვიანებით „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამ შემთხვევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  უსიამოვნო ინციდენტი იყო, მაგრამ ოპონენტები „ისეთ რამეს კადრულობენ, რაც მძიმე ასატანი და მოსათმენია“.