ნაკაიძე: ტყუილია, რომ „ოცნებამ" ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხები მოაგვარა

პუბლიკა

მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ტყუილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, თითქოს „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხები „ქართულმა ოცნებამ” მოაგვარა.

ბიძინა ივანიშვილმა 19 სექტემბერს, რუსთავში თქვა:

„სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს”.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს.

  • „მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რელიგიური დისკრიმინაციის უამრავი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სამართლებრივი შედეგის გარეშე დასრულდა და მასთან დაკავშირებით ხელისუფლებას გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნია”, – აცხადებს ის.
  • ტარიელ ნაკაიძემ გაიხსენა რამდენიმე დაპირისპირება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.
  • „ბიძინა ივანიშვილს ავიწყდება, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე ღორის თავის აკვრას რომ დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესების იგნორირების ხარჯზე ჩაიფარცხა. ამის თაობაზე არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი. აგრეთვე სოფელ ნიგვზიანში სალოცავის გახსნას ადგილობრივებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოჰყვა, რომელთან დაკავშირებითაც სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა და დამნაშავეები არ დასჯილან. ამავე მოტივით ქვემო ქართლში, სოფელ წინწყაროსა და კახეთში სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ  ნიადაგზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
  • ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სამხედრო ძალების გამოყენებით მეჩეთს ვერტმფრენით მინარეთი მოსტაცეს, ხოლო მოსახლეობას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოფელ ადიგენში ადგილობრივების მიერ მუსლიმური სასაფლაოს გახსნას და მოხეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული მეჩეთის ჩამორთმევის ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მოხეშიც მოქალაქეებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალოვნების გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
  • გურიაში სოფელ ბუკნარში მუსლიმური სამლოცველოს გახსნას დაპირისპირება მოჰყვა, რომელთან დაკავშირებითაც „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეთა შორის გრძელვადიანი შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
  • ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღემდე უზენაეს სასამართლოშია გაჩერებული.
  • საქართველოს კათოლიკე ეკლესიას ქალაქ რუსთავში ეკლესიის მშენებლობის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა.
  • საქართველოს ევანგელისტურ ეკლესიას სასამართლომ ერთადერთი სალოცავი ქალაქ თბილისში ჩამოართვა”.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რელიგიური თემების დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკა შექმნა.

„ამ სამარცხვინო მოვლენების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ რელიგიური უმცირესობების გასაკონტროლებლად შექმნა საბჭოთა კავშირის მოდელზე დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც სამოქალაქო და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია.

დღემდე გადაუწყვეტელია რელიგიური უმცირესობების ქონებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. საბჭოთა კავშირის რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონება თავის რეალურ მფლობელს არ დაჰბრუნებია.

ზემოთ აღნიშნული ფაქტები მცირე ჩამონათვალია, რომელმაც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფები კიდევ უფრო გააუარესა  და უთანასწორო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი ატყუებს საქართველოს საზოგადოებას”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.