ნაკაიძე უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების უქმე დღეებად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების უქმე დღეებად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს და იმედი გამოთქვა, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია მხარს დაუჭერს მის ამ ინიციატივას.

„საუბარი არის აქ 6 დღეზე მთლიანობაში, რომელიც პასუხობს საქართველოში მცხოვრები ყველა უმცირესობის საჭიროებას, რელიგიურს თუ ეთნიკურს, პროტესტანტული ეკლესიის დღესასწაულებს, მუსლიმურ, იეზიდურ დღესასწაულებს, ასევე ეთნიკური ჯგუფების დღესასწაულებს. მე ვფიქრობ, არ არის ეს ძალიან დიდი რაოდენობა დღეებისა, რომ ვერ შევძლოთ ამ დღეების უქმედ გამოცხადება და არა მგონია კატასტროფა გამოიწვიოს შრომის ბაზარზე თუნდაც…

ვფიქრობ, საკანონმდებლო სივრცეში უმცირესობების მიმართ გარკვეული კარგი ინიციატივაც იქნება, რომელიც სამართლებრივად იქნება გამყარებული და როგორც მუსლიმები, ისევე სხვა აღმსარებლობის ადამიანები, რომლებიც არ არიან მართლმადიდებლები, შეძლებენ საკუთარ დღესასწაულების ნორმალურად აღნიშვნას“.

მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ საჯარო სამსახურებში დასაქმებულების პრობლემა, იგივე ვითარებაა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, რადგან ამ დღესასწაულებს ხშირად ემთხვევა გამოცდების თარიღები, სასწავლო პროცესი და ადამიანები ინდივიდუალურად ცდილობენ, რომ ან გააცდინონ სკოლა, უნივერსიტეტი ან ვერ აღნიშნონ სათანადოდ თავიანთი რელიგიური დღესასწაული.

„დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ ისევე როგორც პოზიცია, ოპოზიციაც პარლამენტში ამ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭერს მხარს და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს მივცემთ შანსს, საკუთარი მნიშვნელოვანი დღეები, განსაკუთრებით რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი დღეები სრულფასოვნად აღნიშნონ“,- განაცხადა ნაკაიძემ.