პროკურატურა ედავება ძალადობას და მუქარას, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია ორივე – ცინარიძის ადვოკატი

პუბლიკა

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის უფლებადამცველი, კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ჯერ პროკურატურას არ უკითხავს, აღიარებს თუ არა ცინარიძე ბრალს. ხვისტანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვისაა.

„პროკურატურა ცინარიძეს ედავება ოჯახის ძალადობას და მუქარას. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია ორივე, სანქცია არ აქვს მძიმე. ბრალდებას ძაან გაუჭირდება აღნიშნული საქმის სასამართლოზე გატანა და გამამტყუნებელი განაჩენით საქმის დასრულება. საქმე არის ძაან სუსტი, მტკიცებულებების კუთხით და მე არ მინდა, ვიხმარო დრამატიზებული სიტყვები, მაგრამ ელემენტარული რაღაციდან არის აჟიოტაჟი ატეხილი. მეუღლეებს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს. რესურსი, რომ ოჯახმა ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, არსებობს”, – აცხადებს ტვ პირველთან ადვოკატი.

დავით ცინარიძის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.


პროკურატურის ცნობით, მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის მუხლებით საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალი წარედგინა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა,  რა დროსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა  დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები”, – წერს პროკურატურა.