ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა - IRI-ის წინასაარჩენო ანგარიში

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების წინასაარჩევნო ანგარიში გამოაქვეყნა.

მათი თქმით, ანგარიში მოიცავს ექვსი ანალიტიკოსის მიერ მომზადებულ შეფასებას, რომლებიც 2020 წლის სექტემბრიდან იმყოფებიან თბილისში და ფარავს წინასაარჩევნო პერიოდს 30 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით. ანგარიშიდან გთავაზობთ ქვეთავს საარჩევნო პროცესში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის შესახებ:

„მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონე იმატებს, ქალებისა და უმცირესობების, მათ შორის ახალგაზრდების, შშმ პირების, სექსუალური უმცირესობების (LBTQI) და ეთნიკური ჯგუფების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია ჯერ ისევ დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

„თბილისი პრაიდი“, სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჰომო და ტრანსფობიას საქართველოში, ადასტურებს, რომ კამპანიის პერიოდი, მეტ-ნაკლებად, თავისუფალი იყო ჰომოფობიური განცხადებებისგან. თუმცა, იმ პოლიტიკური პარტიების რიცხვი, რომლებმაც სექსუალური უმცირესობების პრობლემები თავიანთ პროგრამულ პრიორიტეტებში ასახეს ამ ჯგუფის დისკრიმინაციისგან დასაცავად, ძალიან მცირეა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული ცალკეული კანდიდატები გამოხატავენ მხარდაჭერას LBTQI თემის უფლებების მიმართ და აქტივისტების თვალსაზრისით, ეს კანდიდატები მათი პრობლემების განსახილველად უფრო მეტ მზაობას გამოთქვამენ, ვიდრე წინა არჩევნებში. ამასთან, არაერთმა პროდასავლურმა პარტიამ ხელი მოაწერა შიდაპარტიულ შეთანხმებასა და მემორანდუმს საქართველოში LBTQI თემის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თავიანთი კამპანიის დროს ჰომოფობიური ენის არგამოყენების მიზნით.

ეთნიკური უმცირესობები

წინასაარჩევნო პერიოდში მთიან-ყარაბაღში მიდინარე საომარმა ქმედებებმა გამოიწვია
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაძაბულობა. ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 13 პროცენტს შეადგნენ, მათ შრის 6.3 პროცენტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 4.5 პროცენტი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა. ეთნიკური აზერბაიჯანელების უმეტესობა მარნეულსა და გარდაბანში, ხოლო ეთნიკური სომხების უმრავლესობა ახალქალაქსა და ნინოწმინდაშია დასახლებული.

ეთნიკური უმცირესობები, პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ხშირად აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს, მათ შორის, ენობრივ ბარიერს, განათლების სიმცირესა და ეკონომიკურ მარგინალიზაციას. ნაცვლად მუდმივი ჩართულობისა, პოლიტიკური პარტიები მოსახლეობის ამ ნაწილს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ეკონტაქტება და ამასთან, არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამა უმცირესობების ენაზე ელექტრონულად არ არის ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ყველა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია არ არის ღია მუდმივად, რაც ამცირებს მათ ცნობადობას, ხელმისაწვდომობასა და ანგარიშვალდებულების დონეს ადგილობრივი ამომრჩევლის მიმართ. ეს განსაკუთრებით შეინიშნება ქისტების დასახლებაში პანკისის რაიონში, სადაც პოლიტიკური პარტიების აქტიურობა ძალიან დაბალია. მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჯამში 17 მაჟორიტარი კანდიდატი არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ორ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საარჩევნო ოლქში. მათ შორის სამი კანდიდატი ქალია.

IRI-ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის კონკურენცია უფრო ღიაა, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევებისას. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კანდიდატებად პარტიულ სიაშიც წარადგინა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ასევე, მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობები, ტრადიციულად, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას უჭერდნენ მხარს, დღეს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდები აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობის განსამტკიცებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო აგრძელებს უმცირესობების მხარდაჭერას, რის ფარგლებშიც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, მათ შორის, შეიქმნა ამომრჩევლის საგანმანათლებლო მასალები და საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა სამ ენაზე – აზერბაიჯანულ, ქართულ და სომხურ ენებზე.

შშმ პირები

შშმ პირების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ცესკო-მ საკმაოდ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. შშმ პირებისთვის ხმის მიცემისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად საინფორმაციო ვიდეორგოლები ითარგმნა ჟესტების ენაზე, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი გამადიდებელი შუშის გამოყენების სწავლებისთვის, შემოღებულ იქნა დროებითი პროცედურები ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის ხელშესაწყობად და შემუშავებულ იქნა ინტერაქტიული რუკები 1,126 საარჩევნო უბანზე, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთათვის იქნება ხელმისაწვდომი. 2018 წელს, ცესკო-ს მონაცემებით, ეტლით მოსარგებლეთათვის 517 საარჩევნო უბანი იყო ხელმისაწვდომი, ხოლო 2016 წელს – 11 უბანი. თუმცა, სრული ხელმისაწვდომობისთვის კვლავ არსებობს წინააღმდეგობები.

ქალთა მონაწილეობა

ქალები საქართველოს მოსახლეობის 53.7 პროცენტს წარმოადგენენ, თუმცა, ისინი ცენტრალურ და მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ქალები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენენ (21 დეპუტატი 150-დან), ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობების – 13 პროცენტს. 22 რამდენიმეწლიანი განხილვის შედეგად, 2020 წელს საარჩევნო კოდექსით სავალდებულო გახდა გენდერული კვოტა, რომელიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სიებში წარმოდგენილი კანდიდატებიდან არაუმეტეს 75 პროცენტისა იყოს ერთი და იმავე სქესის. ამასთან, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც 30 პროცენტიან კვოტირებას გადააჭარბებენ, საქართველოს კანონმდებლობა დამატებით დაფინანსებას სთავაზობს. ორმოცდაათივე საარჩევნო სუბიექტმა დაიცვა სავალდებულო გენდერული კვოტა, ხოლო 29 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა დამატებითი დაფინანსებისთვის საჭირო სია. თუმცა, სავალდებულო კვოტირება არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას.

ქალი კანდიდატები ხშირად აწყდებიან მიკერძოებულობას გენდერული ნიშნით და ნაკლებად წარმატებულებად და შესაფერისებად აღიქმებიან „ბინძური“ პოლიტიკური გარემოსთვის, ვიდრე კაცები. არაერთი ქალი კანდიდატი გამხდარა მედიაში სიტყვიერი თავდასხმის, გენდერული დისკრიმინაციის, სექსისტური კიბერ-ბულინგის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარის მსხვერპლი”, – ნათქვამია IRI-ის ანგარიშში.